ანტონიო მაჩადო - უნამუნო პოლიტიკოსი

დონ მიგელ დე უნამუნო ყველაზე უფრო გამოჩენილი ფიგურაა ესპანეთის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან დასაბამი დაუდო გონებათა ნაყოფიერ სამოქალაქო ომს, საიდანაც უნდა იშვას, - ეგებ იშვა კიდეც, - ახალი ესპანეთი.

მე ვიტყოდი, რომ იგი აცოცხლებს, უფრო სწორად, აადამიანურებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენს პოლიტიკოსთა შორის იგი ყველაზე უფრო ნათელი პიროვნებაა, - ასე თქვა ლუის არაკისტაინმა თავის ბოლო, ბრწყინვალე წიგნში.

ვეთანხმები, უნამუნო უპირველეს ყოვლისა პიროვნებაა, მაგრა არა ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობით, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ იგი ნამდვილად ერთადერთი პოლიტიკური მოღვაწეა, ვინც არ ატარებს ნიღაბს. ჩემი აზრით, ამაშია მისი უზომო ძალის სათავეც. იგი ვერასდროს ვერ გახდება ვერც პარტიისა თუ პარტიზანული ჯგუფის მეთაური და ვერც მასების წინამძღოლი, რადგან უნამუნოსთვის საერთოდ, არ არსებობს არც პარტიები და არც, მით უმეტეს, მასები, მორჩილნი თუ მეამბოხენი, რომლებიც ან ზედამხედველს ელოდებიან, ან მწყემსს.

უნამუნო არის ადამიანი, რომელიც გამსჭვალულია იმის ამაყი შეგნებით, რომ იგი ადამიანია, იგი ელაპარაკება ადამიანების ჭეშმარიტად ადამიანურ ენაზე. შემეკამათებიან, ეს ხომ პოლიტიკა არ არისო, მე კი ვიტყოდი, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკა და თან ყველაზე უფრო ღრმა, ყველაზე უფრო თვითმყოფადი, ყველაზე უფრო საფუძვლიანი, რაკი არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ნაყოფიერი ხალხის სიყვარულის გარეშე, ხოლო ხალხის სიყვარული - ადამიანის სიყვარულის გარეშე და აქედან გამომდინარე, სულიერ ფასეულობათა პატივისცემის გარეშე, რასაც იგი ყველაფერზე მაღლა აყენებს!

საკმარისი არ არის მოქალაქეობის უფლებების ქადაგება. მოქალაქეობა წარმართული ცნებაა და ისტორიის მსვლელობაში უკვე საკმაოდ მოძველებულიც. მოქალაქე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მონათა ბრბოს ხარჯზე ცხოვრობს. უკანასკნელ დიდ პოლიტიკურ რევოლუციას არ მიუმართავს მოქალაქის უფლებებისათვის, მან გამოაცხადა ადამიანის უფლებები! რატომ ავიწყდებათ ეს - უნამუნოს ხომ სულ ახსოვს! მაგრამ უნამუნო ფიქრობს, რომ უაზრობაა ადამიანმა ილაპარაკოს თავის უფლებებზე, თუ მას საკუთარი ადამიანური არსი არ აქვს შეგნებული. უნამუნოს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავისი სიტყვითა და მაგალითით ამ ამ შეგნებას აღვიძებს ხალხის წიაღში.

„გასეტა ლიტერარია“, 1930

Vangogen • ვანგოგენი

Instagram