რომენ როლანი - არ არსებობს ახირებული დროება, არიან მხოლოდ ახირებული ადამიანები


გმირული სიცრუე სიმხდალეა! ქვეყნად მხოლოდ ერთი გმირობა არსებობს: სამყაროს ისეთს ხედავდე, როგორც სინამდვილეშია და გიყვარდეს.

დიადი სულები მაღალ მწვერვალებს გვანან. ღრუბლები გარს ეხვევა, ზედ ქარი დათარეშობს. მაგრამ იქ სუნთქვა უფრო იოლია. ჰაერი იქ ისეთი სუფთაა, რომ გულიდან ყველა ლაქას გადარეცხს. და როცა ღრუბელი გაიფანტება, ადამის მოდგმას ზემოდან გადმოჰყურებს. ასეთი იყო ეს გოლიათი მთაც (მიქელანჯელო), აღორძინების ხანის იტალიას თავს რომ დაჰყურებს. ჩვენ ვხედავთ, მაღლა ცაში როგორ იხატება მისი ნაწვალები პროფილი, მაგრამ მის მწვერვალს თვალს ვეღარ ვუწვდენთ.

თუ კაცი არ არის სულით მაღალი, ის არ შეიძლება იყოს დიდი ადამიანი, არც დიდი ხელოვანი და არც დიდი მოღვაწე; ის მხოლოდ სულმდაბალ ბრბოსათვის განკუთვნილი ფუყე კერპი იქნება, დრო მათ ერთიანად ანადგურებს.

არ არსებობს ახირებული დროება, არიან მხოლოდ ახირებული ადამიანები.

ტანჯვა უსაზღვროა და მრავალნაირ ფორმას იღებს. ზოგჯერ ის საგანთა ბრმა ტირანიით, გაჭირვებით, ავადმყოფობით, ბედის უკუღმართობით, კაცთ გაუტანლობითაა გამოწვეული. ზოგჯერ კი მისი სათავე თვით ადამიანშია და მაშინ ეს ტანჯვა ნაკლებ სავალალო, ან ნაკლებ საბედისწერო როდია, რადგან კაცი თავის არსებას თავად ვერ ირჩევს, რაც არც გაჩენა უთხოვია და არც ყოფნა ისეთად, როგორადაც აქცია არსთა გამრიგემ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram