პერიკლეს სიტყვა ათენელთა გასამხნევებლად


„მე ველოდი თქვენს აღშფოთებას, მესმის ამის მიზეზი და შეგკრიბეთ, რათა მიგითითოთ, რომ უსამართლოდ მსაყვედურობთ და გასაჭირს ნებდებით. ჩემი აზრით, ქვეყნის აყვავება მეტ სარგებელს მოუტანს ცალკეულ მოქალაქეს, ვიდრე ერთეულთა კეთილდღეობა საერთო დაცემის პირობებში. როგორ კარგადაც უნდა მისდიოდეს საქმე კერძო პირს, სამშობლოს დაღუპვა მისთვისაც საბედისწერო იქნება, ხოლო ბედნიერ ქვეყანაში უიღბლოსაც აქვს საქმის გამოსწორების იმედი. ამდენად, რადგან ქვეყანას შეუძლია ცალკეულ მოქალაქეთა უბედურების ატანა, მოქალაქე კი ვერ გადაიტანს ქვეყნის უბედურებას, უმჯობესია ერთად დავიცვათ სამშობლო და არ მოიქცეთ ისე, როგორც ახლა იქცევით: საკუთარ გასაჭირში ჩაფლულები აღარ ზრუნავთ ქვეყანაზე, მსაყვედურობთ მე, რომ ომი გირჩიეთ, და საყვედურობთ საკუთარ თავს, რომ დამიჯერეთ. თქვენ ბრაზობთ კაცზე, ვისაც სხვაზე ნაკლებად არ ესმის, როგორ უნდა სახელმწიფო საქმეების გაძღოლა, ვისაც შეუძლია ამის სხვისთვის ახსნა, ვისაც უანგაროდ უყვარს სამშობლო. ვინც საქმეში კარგად ერკვევა, მაგრამ სხვისთვის ახსნა არ შეუძლია, არაფრით სჯობს უმეცარს. ვისაც ორივე ხელეწიფება, ნიჭიერიც არის და მჭერმეტყველიც, მაგრამ ქვეყნისადმი სიყვარული არ ამოძრავებს, ის არ მოგცემთ კარგ რჩევას; და ბოლოს, ვისაც სამშობლო უყვარს, მაგრამ ფული ურჩევნია, ის ყველაფერს გაყიდის. ამიტომ, თუ ნება მომეცით დამერწმუნებინეთ, რომ ომი დაგეწყოთ, რადგან ფიქრობდით, რომ სახელმწიფო მოღვაწისთვის საჭირო თვისებები სხვაზე მეტად მქონდა, ახლა არ გაქვთ მიზეზი დამადანაშაულოთ.

თუ ხელსაყრელ მდგომარეობაში ხარ და ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის გაკეთება შეგიძლია, ომის დაწყება უგუნურება იქნება. მაგრამ თუ უნდა გააკეთოთ არჩევანი მტრისთვის დათმობასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შორის, მაშინ ხიფათისთვის თავის არიდება არ ივარგებს. მე ისევ ჩემს აზრზე ვდგავარ, თქვენი კი შეიცვალეთ. თქვენ დამიჯერეთ, მაგრამ როდესაც გასაჭირი მოგვადგა, ინანეთ და ჩემი რჩევა მცდარი გეჩვენებათ. ჩემი გეგმის მძიმე შედეგი ახლა ნათლად ჩანს, ხოლო უპირატესობას ჯერ ყველა ვერ მიმხვდარა და ბედის მძიმე და მოულოდნელი დარტყმების შემდეგ გიჭირთ თქვენს ძველ გადაწყვეტილებას მიჰყვეთ. მართალია, ასეთი დარტყმა ძნელი გადასატანია და არყევს ადამიანის საკუთარ ძალებში რწმენას. თქვენც ასე დაგემართათ, პირველ რიგში, ჭირის გამო. მაგრამ დიადი ქვეყნის მოქალაქეებს მართებთ განსაცდელის ღირსეულად გადატანა. უნდა დაივიწყოთ პირადი გასაჭირი და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეთ.

რაც შეეხება თქვენს ეჭვებს, რომ ომი გაჭიანურდება და ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, მათ გასაქარვებლად ისიც კმარა, რაც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის. მინდა კიდევ ერთი უპირატესობა გითხრათ, რაც ადრე არ თქმულა - ჩვენი ქვეყნის ძლიერება. არც ახლა ვიტრაბახებდი, თქვენ რომ სრულიად უსაფუძვლოდ ასე დათრგუნულები არ იყოთ. თქვენ გგონიათ, რომ მოკავშირეებზე მბრძანებლობთ, მე კი გეტყვით, რომ დადამიწის ზედაპირის ორი ნაწილიდან - ზღვა და ხმელეთი - ერთი მთლიანად თქვენ გეკუთვნით. ვერც ერთი მეფე, ვერც ერთი ხალხი ამას წინ ვერ აღუდგება. ამიტომ ჩვენი საზრვაო ძალები მე ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე კერძო სახლები და მიწა, რის დაკარგვასაც ასე მისტირით. ეს დიდად არ უნდა გადარდებდეთ. თუ თავისუფლებას შევინარჩუნებთ, დანაკარგი ერთიათად აგინაზღაურდებათ, სხვისი ბატონობის ქვეშ კი ყველაფერს დავკარგავთ. ვიყოთ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავლები და თამამად ვიბრძოლოთ.

იმ საპატიო მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რითაც ასე ვამაყობთ, მთელი ძალები უნდა დავძაბოთ. ნუ ფიქრობთ, თითქოს მონობა გვემუქრება. თუ ძალაუფლებას დავკარგავთ, საფრთხე გველის მათგან, ვისაც ის სძულდა. ძალაუფლებაზე უარის თქმა უკვე აღარ შეგვიძლია, თუნდაც ეს დღეს კეთილშობილ მშვიდობიან ნაბიჯად დავსახოთ. ჩვენი ძალაუფლება ტირანიას ჰგავს, ის უსამართლობით მიიღწევა, მასზე უარის თქმა კი სახიფათოა. ვინც ამას გირჩევთ, ქვეყანას ღუპავს. მშვიდობიანი პოლიტიკა დამღუპველია, თუ მას გადამწყვეტი მოქმედებებით არ ამაგრებ. დიდ სახელმწიფოს ის არაფერს არგებს, მხოლოდ მას გამოადგება, ვისაც უსაფრთხო მონობაში სურს ცხოვრება.

ნუ აყვებით ამგვარ რჩევებს და ნუ ჯავრობთ ჩემზე ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების გამო მხოლოდ იმიტომ, რომ მტერი ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. მან ის ქნა, რასაც ველოდით. მოულოდნელი ჭირი იყო. სწორედ მან განგაწყოთ ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ეს უსამართლობაა, მოულოდნელ წარმატებასაც მე ხომ არ მომაწერდით? ღმერთების მიერ მოვლენილი განსაცდელი უდრტვინველად უნდა მივიღოთ, ხოლო საბრძოლო - მხნედ. ათენში ადრე ასე იყო და არ ღირს ამ წესის შეცვლა. გამხნევდით იმ აზრით, რომ ჩვენი ქვეყანა სირთულეებს არასდროს შეშინებია და ამიტომ მიაღწია დღევანდელ დიდებას. სხსოვნა მის შესახებ სამუდამოდ დარჩება. ემახსოვრებათ, რომ ჩვენ დავიმორჩილეთ ელინური ქვეყნების დიდი ნაწილი, მოვიგეთ მრავალი ომი და ჩვენი ქვეყანა უძლიერესად და უმდიდრესად ვაქციეთ. მართალია, სუსტი გაგვკიცხავს, მაგრამ მამაცი შეგვეჯიბრება, და თუ ვერ გაგვიტოლდა, ჩვენი შეშურდება. თუ ახლა ბევრს ვძულვართ, რას იზამ, ასეთია ძლიერების ბედი. მაგრამ ვინც სიძულვილს დიდი მიზნის მიღწევისათვის იმკის, სწორად იქცევა. სიძულვილი გაივლის, სახელი კი დარჩება. თქვენ კი გახსოვდეთ, რა მოგვიტანს სახელს და ესწრაფოდეთ მას. ლაკედემონელებთან მოლაპარაკება კი არ გინდათ, ნუ აჩვენებთ, რომ გასაჭირმა დაგთრგუნათ. ღირსეული სწორედ ისაა - ქვეყანა იქნება თუ კაცი - ვინც განსაცდელს მედგრად ხვდება“.

თუკიდიდე - „პელოპონესის ომის ისტორია“ (ისტორია)
ადაპტირებული თარგმანი - ლევან გორდეზიანისა 
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram