სოკრატე - ყოველ კაცს, ისე როგორც მთელ ერს, მართებს თავისი ძალის შეგნება...


დიდი მნიშვნელობა აქვს, კაცს მისი ხასიათის შესაბამისად და მართებულად მოექცე, ვინაიდან მეგობარს ძალით ვერ აიყვან და ვერც დააკავებ; კეთილის ყოფითა და ამო მოპყრობით კი ეს ნადავლი ხელში ჩასაგდებადაც მისაწვდომია და დასაკავებლადაც. ამიტომ საჭიროა მზრუნველ მეგობრებს თავდაპირველად მხოლოდ ის მოსთხოვო, რის შესრულებაც უმცირესი გარჯით შეეძლებათ, ხოლო შემდეგ შენც ასეთივე სანაცვლო მადლი უნდა მიუძღვნა.. ამ გზით უფრო იქმნება მეგობრობა, სიყვარულიც ხანგრძლივად ექნებათ შენი და მეტ სიკეთესაც გასწევენ. მათ მადლობას უფრო მეტად დაიმსახურებ, თუ შენს წყალობას საჭიროების ჟამს გაიღებ. 

თვითოეულ ჩვენგანს ხომ დიდ სამსახურს გვიწევენ ხელები შრომით, თვალები ხედვით, ყურები სმენით. ფეხები მოძრაობით, მაგრამ ამ სამსახურს არაფრით ჩამოუვარდება კეთილმოღვაწე მეგობრის საქმიანობა; ხშირად იმას, რაც თავისთვის არ გაუკეთებია, არ უხილავს, არ მოუსმენია და არ შეუსრულებია, მეგობარი ხალისით უსრულებს მეგობარს. ზოგ-ზოგი ვინმე ნაყოფის გულისთვის ცდილობს ხეხილებს ბეჯითად მოუაროს, ყველაზე სასარგებლო განძს კი, რომელსაც მეგობარი ეწოდება, უმრავლესობა უგულოდ და დაუდევრად ეკიდება.

საუკეთესო და ღმერთების მოსაწონი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიწათმოქმედებაში სამიწათმოქმედო სამუშაოს ასრულებენ ბეჯითად, სამკურნალო ხელოვნებაში - საექიმო მოვალეობას და სახელმწიფო გამგებლობაში - საზოგადო საქმეს.

უვიცი რომ მესაჭედ ან სტრატეგოსად დააყენონ, თავისდაუნებურად დაღუპავს ხალხს, თვითონ კი, შერცხვენილი და გალანძღული, იძულებული გახდება გადადგეს. ასევე უსარგებლო საქმეა ტყუილად თავის გამოჩენა მდიდარ, მამაც და ძალ-ღონით აღსავსე კაცად. უდიდესი თაღლითია იგი, ვისაც არავითარი ღირსება არ გააჩნია და ცდილობს, მოტყუებით დააჯეროს ყველა, რომ სახელმწიფოს მართვა შეუძლია.

ყოველ კაცს, ისე როგორც მთელ ერს, მართებს თავისი ძალის შეგნება, თავის შემოქმედების ფარგლების ცნობა და მისი გონიერად გამოყენება.

შურთ მხოლოდ მათ, რომელნიც მოყვასთ კეთილსა ზედა სწუხან. ძალიან ბევრნი ისე არიან განწყობილნი ზოგიერთთა მიმართ, რომ უბედურებაში მათი მიტოვება არ შეუძლიათ და სვეგამწარებულთ შემწეობას უჩენენ, მაგრამ საკმარისია დაჰკრან თვალი მათ ბედკეთილობას, მყისვე წუხილს იწყებენ.

ძალზე ძნელია, ისე გააკეთო რამე, რაღაცაში არ შეცდე; უნაკლოდაც რომ შეასრულო საქმე, მაინც ძნელია, განუკითხავი მსაჯულის ყბაში ჩავარდნას გადაურჩე.

ხალხი არამც და არამც არ მიიჩნევს უგუნურად იმ კაცს, რომელიც ისეთ რამეში ცდება, რაც ადამიანთა უმრავლესობამაც არ იცის, მაგრამ გონებადაკარგულს უწოდებს მათ, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ საკითხებში ცდებიან ხოლმე.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram