წმინდა ფრანჩესკო ასიზელი - ძმა მზის საგალობელი


ფრანცისკო დე სურბარანი - წმინდა ფრანჩესკო ასიზელი
I უფალო სახიერო, უზენაესო და ყოვლისშემძლევ, 
  შენია ქება, დიდება, პატივი და ყოველი კურთხევა.

II შენ მხოლოსა, მაღალო, შეგცქერის ყველა
   და არვინ კაცი არ არის ღირსი შენი სახელი წარმოთქვას.

III დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, ყოველი ქმნილითურთ,
    განსაკუთრებით კი ძმა მზისათვის,
    რომელიც დღეა და მის მიერ გვინათებ ჩვენ.

IV იგი მშვენიერია და სხივმფენი, დიდად ბრწყინვალე:
   შენსას, უზენაესო, ატარებს მნიშვნელობას.

V დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, დის მთვარისა და ვარსკვლავთათვის:
  ზეცად შეგიქმნია ისინი ნათელი, ფასეული და მშვენიერი.

VI დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, ძმა ქარისათვის, ჰაერისათვის, ღრუბლისა და დარისათვის და ყოველგვარი ამინდისათვის, რომლის მიერ შენს ქმნილებებს ანიჭებ ცხოვრების  სახსარს.

VII დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, დისთვის წყლისათვის, რომელიც ფრიად    
      სარგებლიანია,  მდაბალი, ფასეული და უმანკო.

VIII დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, ძმა ცეცხლისათვის,
    რომლისა მიერ ანათლებ ღამეს:ის კი მშვენიერია, მხიარული, ლაღი და ძლიერი.

IX დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, დისა ჩვენისთვის დედამიწისთვის,
   რომელიც ყოველს აცოცხლებს და განაგებს, და წარმოშობს სხვადასხვა ნაყოფს, ფერადი   
   ყვავილებითა და ბალახითურთ.

X  დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, მათ მიერ, ვინც მოწყალეა შენი სიყვარულისთვის და  
   ვინც იწყნარებს სნეულთა და ტანჯულთ.ნეტარ არიან იგინი, ვინც მშვიდობას 
   ჰპოვებენ,როცა შენგან, უზენაესო, გვირგვინოსანნი იქმნებიან.

XI დიდებულ იყავ, უფალო ჩემო, ჩვენი დისთვის, ხორციელი სიკვდილისათვის,   
     რომელსაც ვერვინ  ცოცხალი ვერ გაექცევა:

XII ვაი მათ, ვინც მოკვდება ცოდვათა შინა;
    ნეტარ არიან იგინი, ვინც შენის წმიდა ნების ქვეშ დაივანებს,
    როცა მეორე სიკვდილი მათ არას ავნებს.

XIII აქებდეთ და აკურთხებდეთ უფალსა ჩემსას და ჰმადლობდეთ,
     და მსახურებდეთ მას დიდის სიმდაბლით.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram