მიშელ უელბეკი - ცხოვრება ამტანობის შესამოწმებელი ტესტების რიგია

„ცხოვრება ამტანობის შესამოწმებელი ტესტების რიგია. ჩააბარეთ პირველი ტესტები, ჩაიჭერით დანარჩენებში. გაიფუჭეთ ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე არა... და იტანჯეთ, ყოველთვის იტანჯეთ. ყველა უჯრედით ტკივილის შეგრძნება უნდა ისწავლოთ. სამყაროს თითოეული ნამსხვრევი პიროვნულ ჭრილობად აქციეთ. და მიუხედავად ამისა, სიცოცხლე გააგრძელეთ – გარკვეული დროის განმავლობაში მაინც. ნუ შეიზიზღებთ სიმორცხვეს. ოდესღაც მას შინაგანი სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ თვლიდნენ და არც ცდებოდნენ. მართლაც, სურვილისა და მოქმედების დაშორებისას საინტერესო ფსიქიკური მოვლენები შეინიშნება. ადამიანი, ვისთვისაც ასეთი დაშორება უცნობია, ცხოველს უფრო უახლოვდება“.
„რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა. დიდებული შენობაა, თუმცა უკაცრიელი. ცარიელ დარბაზებში დააბიჯებთ, ნაბიჯების ხმა ექოდ გიბრუნდებათ. ჰაერი გამჭვირვალეა და უძრავი; საგნები გაქვავებულებს ჰგვანან. დრო და დრო ტირილს იწყებთ, იმდენად ულმობლად წმინდა და თვალისმომჭრელია ის, რასაც ხედავთ. უკან, არცოდნის ნისლში დაბრუნება გსურთ, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ უკვე გვიანია. განაგრძეთ. ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე ცუდი უკან დაგრჩათ. რა თქმა უნდა, ცხოვრება კიდევ დაგანგრევთ, მაგრამ მასთან აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: არსებითად, უკვე მკვდარი ხართ. თქვენ ახლა მარადისობის პირისპირ იმყოფებით“.
„საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ, მიზნად თქვენს განადგურებას ისახავს. რისხვა თქვენშიც ბობოქრობს. იარაღი, რომლის გამოყენებასაც ის აპირებს, გულგრილობაა. საკუთარ თავს მსგავსი დამოკიდებულების ქონის უფლებას ვერ მისცემთ. გადადით შეტევაზე! ყველა საზოგადოებას სუსტი ადგილები, მოუშუშებელი ჭრილობები აქვს. იპოვნეთ ეს ჭრილობები და ზედ ფეხი მაგრად დააჭირეთ. იმ თემებს ჩაუღრმავდით, რომლების გაგონებაც არავის სურს. დეკორაციის შიდა მხარე აჩვენეთ. ავადმყოფობას, აგონიას, სიმახინჯეს ჩაეჭიდეთ. ილაპარაკეთ სიკვდილსა და დავიწყებაზე. ეჭვიანობაზე, გულგრილობაზე, იმედგაცრუებაზე, სიყვარულის არარსებობაზე. იყავით ამაზრზენი თქვენ მართალი იქნებით“ - მიშელ უელბეკი

Vangogen • ვანგოგენი

Instagram