პლატონი - სახელმწიფო


 განა შეიძლება დაარწმუნო ისინი, ვინც ყურს არ გათხოვებთ?

ძნელი ასატანია სიბერე: სიღარიბეში თვით თვინიერ კაცსაც კი უბედურებად მიაჩნია სიბერე, ხოლო უკეთურს სიმდიდრეც ვერ შეუმსუბუქებს სიბერის ტვირთს. 

- არ გეტყობა, ფულის დიდი ტრფიალი იყო; იგივე ითქმის ყველა იმ კაცზეც, ვისაც თვითონ არ მოუხვეჭავს თავისი ავლადიდება. ხოლო ვინც თავისი გერგილიანობით მოაქუჩა სიმდიდრე, ორმაგად ეტრფის და თავს დაჰკანკალებს მას. როგორც პოეტებს უყვართ თავიანთი ქმნილებები, მამებს კი - შვილები, შეძლებულებსაც მზე და მთვარე ამოსდით ფულზე, მაგრამ სხვებივით მხოლოდ იმიტომ კი არ ეტრფიან მას, რომ ფული საჭიროა, არამედ იმიტომაც, რომ თავიანთ ქმნილებად მიაჩნიათ იგი. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ძნელი საქმეა: არაფერი არ მოსწონთ, სიმდიდრის გარდა.

- რა უნდა მიმესაჯა, გარდა იმისა, რასაც იმსახურებს უვიცი? ხოლო ეს უკანასკნელი ღირსია იმისა, რომ მცოდნისაგან ისწავლოს. აი სასჯელი. 

ყოველი ხელისუფლება ცდილობს მისთვის ხელსაყრელი კანონები ჰქონდეს: დემოკრატია დემოკრატიულ კანონებს აქვეყნებს, ტირანია -ტირანულს და ასე შემდეგ. კანონების გამოქვეყნების შემდეგ კი აცხადებენ, რომ ქვეშევრდომთათვის სამართლიანია ის, რაც  ხელსაყრელია ხელისუფალთათვის და ვინც კანონებს არღვევს, ისინი სასტიკად სჯიან მას, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობის ხელმყოფს. 

- ყოველი ხელოვნება განიხილავს და აწესებს იმას, რაც უძლიერესთათვის კი არა, მასზე უფრო სუსტი და უმწეო ქვეშევრდომისთვისაა ხელსაყრელი. 

- ნუთუ ვერ ხედავ, რომ ნებაყოფლობით არავინ არ თანხმდება მმართველობას? ყველა საზღაურს მოითხოვს, რადგანაც ეს მმართველობა თვით მათთვის კი არ იქნება სასარგებლო და ხელსაყრელი, არამედ მათი ქვეშევრდომებისთვის. 

- ... ნებაყოფლობით არავინ მოისურვებს მმართველობას და არც სხვისი მანკიერების აღმოსაფხვრელად გადადებს თავს, არამედ ყველა სათანადო საზღაურს მოითხოვს, რადგან ვინც ცდილობს ღირსეულად მოიხმაროს საკუთარი ხელოვნება, თავისდა სასიკეთოდ კი არ იღწვის, არამედ თავის ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ. აი, რატომაა, რომ იმისთვის, ვინც თანახმაა მმართველი იყოს, სათანადო საზღაური უნდა იქნეს დაწესებული, სულერთია, ფული იქნება ეს თუ პატივი, ხოლო იმისთვის, ვინც უარს აცხადებს მმართველობაზე - სასჯელი.

- ღირსეული ადამიანები ამიტომაც ამბობენ უარს მმართველობაზე, არც შენი ფული უნდათ და არც პატივი: მათ არ სურ დაქირავებულად იწოდებოდნენ, აშკარად რომ იღებენ გასამრჯელოს და არც ქურდებად, მალულად რომ ითბობენ ხელს თავიანთი თანამდებობის წყალობით. თავის მხრივ, არც პატივი იზიდავს მათ, რაკიღა მათთვის უცხოა ყოველგვარი პატივმოყვარეობა. ამიტომ მხოლოდ სასჯელის შიში თუ აიძულებთ, ხელში აიღონ მმართველობის სადავე.  აი, რატომ ითვლება სამარცხვინოდ, იძულებით კი არა, ნებაყოფლობით მიელტვოდე ძალაუფლებას. ხოლო ყველაზე უარესი სასჯელი ისაა, რომ შენზე უარესი მოგევლინოს მბრძანებლად, რაკიღა შენ თვითონ უარი თქვი მბრძანებლობაზე. 

სახელმწიფო რომ მხოლოდ ღირსეული ადამიანებისგან შედგებოდეს, ყველა ერთმანეთს შეეცილებოდა იმის უფლებას, რომ უარი ეთქვათ მმართველობაზე, ისევე, როგორც ამჟამად ერთმანეთს ეცილებიან ძალაუფლებას. მაშინ აშკარა გახდებოდა, რომ ჭეშმარიტი მმართველი იმისთვის კი არ იღწვის, რაც მისთვის ხელსაყრელია, არამედ იმისთვის, რაც სასარგებლოა მისი ქვეშევრდომისთვის. ამის მცოდნე ყოველი კაცი ამჯობინებდა, თვითონ კი არ ეზრუნა სხვების სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ, არამედ სხვებს ეზრუნათ მასზე.

- ასე რომ, რაშიც არ უნდა გამოვლინდეს, სახელმწიფოში, ხალხში, ლაშქარსა თუ სხვაში და სხვაში, უსამართლობის ძალმოსილება ისეთია, რომ, უწინარეს ყოვლისა, შეუძლებელს ხდის მის ერთობლივ მოქმედებას, რამდენადაც ეს მოქმედება თვით უსამართლობაზეა დამოკიდებული, რაც დასაბამს აძლევს საყოველთაო განხეთქილებას, შინააშლილობას, შუღლსა და მტრობას, დიახ, მტრობას თვით სამართლიან მოწინააღმდეგეთა მიმართაც; ასეა, არა? 

- თვით ერთ კაცშიც რომ იჩინოს თავი, უსამართლობა მაინც იმას მოიმოქმედებს, რაც ბუნებით ნიშნეულია მისთვის; უწინარეს ყოვლისა, ქმედითობის უნარს წაართმევს ამ კაცს, გათიშავს, გააორებს და მტრად გადაჰკიდებს საკუთარ თავსაც და სამართლიან ხალხსაც;

- ჩვენ ვამბობთ, რომ თვით უსამართლონიც კი თვიანთი მოქმედებითა და ერთობლივი ძალისხმევის წყალობით ზოგჯერ მაინც აღწევენ რაღაცას, მაგრამ ეს მცდარი აზრია, ვინაიდან, ისინი ერთმანეთს არ დაინდობდნენ, მთლიანად უსამართლონი რომ იყვნენ. მაშასადამე, ცხადია, რომ არის მათში რაღაც სამართლიანი, რაც საშუალებას არ აძლევთ ულმობლად მოექცნენ არა მარტო თავიანთ მოწინააღმდეგეებს, არამედ ერთმანეთსსაც. სწორედ ამის წყალობით აღწევს იმას, რასაც აღწევენ. უსამართლო საქმისთვის მათ აქეზებს მათთვისვე ნიშნეული უსამართლობა, მაგრამ ისინი მხოლოდ ნახევრად ბიწიერნი არიან, რადგანაც მთლიანად უკეთურსა და უსამართლო ხალხს მოქმედების ძალიც არ შესწევს. 

როგორც ამბობენ, ბუნების თანახმად, უსამართლობის ჩადენა კარგია, მისი ატანა - ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მისი ჩადენაა კარგი. 

უსამართლობის უკიდურესი ზღვარი ისაა, რომ სამართლიანობად ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში სამართლიანობისა არა სცხია რა. 

სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული, უწინარეს ყოვლისა ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს, ვისაც უნდა, იმას მოიყვანს ცოლად, ვისაც უნდა, იმას გაათხოვებს, ვისაც უნდა იმას დაუკავშირდება და თანაც, ყოველივე ამას თავისთა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობად გამოიყენებს, ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა. სულერთია, გინდ კერძო და გინდ საზოგადო საქმისთვის რომ შეექმნას დავა, აუცილებლად სძლევს თავის მოცილეთ; რაკიღა სძლევს, თვითონაც გამდიდრდება და მეგობრებსაც გააბედნიერებს, თავბედს აწყევლინებს მტრებს, მსხვერპლშეწირვას არ მოიკლებს და ულები ძღვენითაც მოიმადლიერებს ღმერთებს, ასე რომ, უკვდავთაც და მოკვდავთაც მეტ პატივს მიაგებს და ღმერთებისთვის უფრო სასურველი იქნება, ვიდრე სამართლიანი კაცი. აი რა ემყარება მტკიცებას, რომლის თანახმადაც, უსამართლოს უკვდავნიც და მოკვდავნიც უფრო სწყალობენ, ვიდრე სამართლიანს.

სამართლიანობას თვით მისი გულისთვის კი არ აქებენ, არამედ იმ სახელის გამო, რასაც მისი წყალობით ვიხვეჭთ.

უმრავლესობა, როგორც კერძო, ისე საზოგადო ცხოვრებაშიც ბედნიერად მიიჩნებს და პატივს სცემს არამზადებს, თუკი ისინი მდიდარნი და გავლენიანნი არიან, იმავდროულად კი ქედმაღლური ზიზღით უყურებს და აგდებულად ეპყრობა ღირსეულ, მაგრამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებს, თუნდაც ისინი მდიდრებზე უფრო კეთილშობილ ხალხად მიაჩნდეს.

როგორც ამბობენ, მე თუ სამართლიანი ვარ, მაგრამ ხალხის თვალში უსამართლო ვჩანვარ, ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები აქედან, პირიქით, სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის. ხოლო უსამართლო კაცს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში, ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს. 

ღმერთებს ვერც დაემალები და ვერც ძალას იხმარ მათ მიმართ. ხოლო თუ ისინი არ არსებობენ, ან ამქვეყნიურ საქმეებში არ ერევიან, ჩვენ რაღად უნდა ვცდილობდეთ, რომ მათ დავემალოთ? მაგრამ თუ ღმერთები არსებობენ და ზრუნავენ კიდეც ჩვენზე, საკითხავია, რა ვიცით მათ არსებობაზე, გარდა იმისა, რასაც გვაუწყებენ თქმულებები ან პოეტები, მათი გვარტომობის ამბებს რომ გადმოსცემენ? იგივე პოეტები გვამცნობენ, რომ შეიძლება აზრი შევაცვლევინოთ ღმერთებს და მსხვერპლშეწირვით, მდიდრული ძღვენითა თუ ლოცვა-ვედრებით მათი გული მოვინადიროთ. იძულებული ხარ, ერთიც ირწმუნო და მეორეც, ან საერთოდ ურწმუნო გახდე.

- მე მგონია, სახელმწიფოს მაშინ ეძლევა დასაბამი, როცა არცერთ ადამიანს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი თავი, რადგანაც ათასი რამ სჭირდება. 

ომი უდიდესი უბედურების სათავეა როგორც კერძო პირის, ისე მთელი საზოგადოებისთვის, როცა ისინი იძულებულნი არიან იომონ. 

პლატონის "გამოქვაბული"

სახელმწიფოს უზადო მცველისთვის ნიშნეული იქნება არა მარტო სიფიცხე, სისწრაფე და ძალა, არამედ სულიერი სრულყოფილებაც.

- მაშასადამე, რაკიღა ღმერთი კეთილია, ის ყველაფრის მიზეზი კი არ არის, როგორც ჰგონია ბევრ ჩვენგანს, არამედ მხოლოდ მცირედი მიზეზია კაცთათვის, მრავალი რამის მიზეზად კი ვერ ვიტყვით მას: აკი ჩვენს ცხოვრებაში კარგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცუდი. სიკეთის მიზეზად მხოლოდ ღმერთი თუ შეიძლება მიგვაჩნდეს, ბოროტებას კი სხვა მიზეზი უნდა გამოვუძებნოთ. 

არავის უნდა ჰქონდეს იმის თქმის ნება, რომ ღვთის მიერ დასჯილი მოკვდავნი უბედურები არიან, და სწორედ ღმერთია მართი უბედურების მიზეზი.

შეუძლებელია ისიც, რომ ღმერთს თავისი თავის შეცვლა სურდეს. ყოველი ღმერთი, უმშვენიერესი და უსრულქმნილესი, ყოველთვის მარტივია და თავისი საკუთარი სახით არსებობს.

ყველაზე ძნელი ასატანია გაცრუებული დარჩე საგანთა არსში წვდომისას, თავიდან ვერ აიცილო უმეცრება და სიყალბე; ამ მხრივ, სიცრუეზე უფრო საძულველი მართლაც რომ არა არის რა.

ღმერთი რაღაც მარტივია და მართალი, როგორც სიტყვით, ისე საქმითაც; არც თვითონ იცვლება და არც სხვებს აცთუნებს სიცრუით, არც სიტყვებით და არც მოჩვენებებით, არც ცხადში და არც სიზმარში.

სახელმწიფო დაიღუპება, თუ მას რკინა ან სპილენძი იცავს.

ჩვენ სახელმწიფოს დაარსებისას იმას კი არ ვისხავთ მიზნად, რომ განსაკუთრებით ბედნიერი გავხადოთ მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენა, არამედ იმას მიველტვით, რომ მთელ სახელმწიფოს მოვუპოვოთ ყველაზე დიდი ბედნიერება.

თუ მეწაღეები უვარგისნი და უმაქნისნი იქნებიან, სახელმწიფო როგორმე გაუძლებს ამას, მაგრამ თუ ქვეყნისა და კანონიერების სადარაჯოზე მდგარი მცველები მხოლოდ სახელით იქნებიან მცველები და არა თავიანთი არსით, მალე შენი თვალით ნახავ, როგორ დააქცევენ და მიწასთან გაასწორებენ სახელმწიფოს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედნიერებაც და კეთილდღეობაც.

ასეა თუ ისე, ყველა სახელმწიფოში ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი სახელმწიფო მაინცაა: ერთი-მდიდრებისა, მეორე კი ღარიბების, და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, მრავალ სხვადასხვა სახელმწიფოდ იყოფა, ასე რომ, სასტიკად ცდები, ერთ სახელს რომ უწოდებ მათ. 

სახელმწიფო შეიძლება მხოლოდ მანამდე ზარდო, სანამ ის ინარჩუნებს ერთიანობას, ამ ზღვარს კი არ გადასცდე.

საკმარისია პირველი ბიძგი, და სახელმწიფო ისე იზრდება, როგორც წრე, ტბაში ჩაგდებული ქვა რომ აჩენს წყლის ზედაპირზე.

ბუნების თანახმად დაფუძნებული სახელმწიფო მთელ თავის სიბრძნეს უნდა უმადლოდეს მოსახლეობის უმცირეს ნაწილს, სათავეში რომ უდგას და მართავს ქვეყანას; დიახ, უმცირეს ნაწილს და მის ცოდნას. როგორც ჩანს, თვით ბუნება განსაზღვრავს ამნაირ ადამიანთა სიმცირეს, და მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული ის ცოდნა, რომელიც ერთადერთია ცოდნის ყველა სხვა სახეს შორის, სიბრძნის სახელს რომ იმსახურებს. 

ყოველი ჩვენგანიც მხოლოდ მაშინ იქნება სამართლიანი და თავის საკუთარ საქმეს შეასრულებს, როცა ჩვენი სულის ყველა საწყისი თავის დანიშნულებას ასრულებს. 

უსამართლობა ესაა სულის ნაწილთა მუდმივი შფოთი და წრიალი. მათი აღვირახსნილობა, სიმხდალე და უმეცრება, მოკლედ, მთელი ბოროტება თუ ბიწიერება.

მე თუ მკითხავ, ნაკლები დანაშაულია შენდა უნებურად გახდე ვიღაცის მკვლელი, ვიდრე სიცრუით შებღალო ის, რაც მშნიერია, კეთილი, სამართლიანი და კანონიერი. ამნააირი საფრთხე კი უმჯობესია მტრებს შორის გემუქრებოდეს, ვიდრე მეგობრებს შორის. 

განა სამუდამოდ არ ჩაბარდება წარსულს ყოველგვარი დავა, შუღლი თუ შეხლა-შემოხლა, რაკი არავის არავითარი საკუთრება არ ექნება, თავისივე სხეულის გარდა? ყოველივე დანარჩენი კი საერთო იქნება ყველასათვის, ასე, რომ, მათ შორის აღარასოდეს იჩენს თავს ცილობა და დავიდარაბა ქონების, შვილებისა თუ ნათესავების გამო.

- ფილოსოფოსთა ბუნებასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, რომ ისინი ვნებიანად მიელტვიან ცოდნას, რაც მათ უმჟღავნებს მარადიულ არსს, რომელიც არ ექვემდებარება წარმოშობითა თუ ხრწნილებით გამოწვეულ ცვალებადობას.

სახელმწიფო ისე სასტიკად ეპყრობა ბრძენკაცთ, რომ უარესი აღარ იქნება.

შეუძლებელია, შეუძლებელი იყო და კვლავაც შეუძლებელი იქნება, რომ სიქველის გაკვეთილები ცვლიდნენ უმრავლესობის მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებას; 

შეიძლება თუ არა, ბრბომ შეიგნოს და აღიაროს, რომ არსებობს მშვენიერება თავისთავად, განსხვავებით მშვენიერი საგნებისაგან, და არსებობს ბევრი სხვა არსიც თავისთავად, განსხვავებით ცალკეულ საგანთა სიმრავლისაგან?

- მაშასადამე, შეუძლებელია ბრბოის ფილოსოფოსობა.
- დიახ, შეუძლებელია.
- ესე იგი, ვინც ფილოსოფოსობს, აუცილებლად იგმობა ბრბოის მიერ?
- აუცილებლად.
- და იმ კერძო პირთა მიერაც, ბრბოს რომ შერებიან და ცდილობენ თავი მოაწონონ მას?
- ცხადია.

ფილოსოფიური ბუნების განმსაზღვრელი თვისებები, როცა მათ სათანადო აღზრდა აკლიათ, თვითონვე ხდებიან იმის მიზეზი, რომ ადამიანი ღალატობს თავის მოწოდებას, და ამაში ყოველივე იმასაც მიუძღვის ბრალი, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს: ვთქვათ, სიმდიდრეს და სხვა მისთანათ. 

უმწეო ბუნება კი ვერასოდეს აღასრულებს რაიმე დიადს. ვერც კერძო პირისა და ვერც სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

ის, რომ ხალხს სხვისი სიტყვებისა არ სჯერა, სულაც არ არის საკვირველი.

ამ ღვთაებრივად მოწესრიგებულ სამყაროს რომ უახლოვდება, ადამიანის სულსაც ეუფლება ეს ღვთაებრიობა, რამდენადაც მისი ტვირთვა შეუძლია მოკვდავ ბუნებას. გმობით კი შეიძლება ყველაფერი ჰგმო ამ ქვეყნად. 

კანონი მოსახლეობის ერთი რომელიმე ფინის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას. შეგონებით თუ იძულებით, ის უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის ერთიანობას, რათა ისინი ერთმანეთისთვის სასარგებლონი იყვნენ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ამით არგონ მთელ სახელმწიფოს.

სადაც ძალაუფლებას ყველაზე ნაკლებ მიელტვიან ისინი, ვინც უნდა მართავდეს ქვეყანას, სახელმწიფო სწორედ იქ იმართება ყველაზე უკეთ და შინააშლილობისთვისაც 
ყველაზე ნაკლები საბაბი რჩება; მაშინ, როდესაც სულ სხვაგვარადაა საქმე იმ სახელმწიფოებში, რომელთა მმართველნიც საპირისპიროდ არიან განწყობილნი.

სახელმწიფო თანამდებობა ხელში არ უნდა ჩავუგდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სული ელევათ მასზე, თორემ მათი ჯიბრი და მეტოქეობა გადაგვიყოლებს.

- როგორც უძლური სხეულისთვის საკმარისია სულ მცირე გარეგანი ბიძგი, რომ ავად გახდეს, თუმცა ზოგჯერ ამას გარეშე მიზეზიც არა სჭირდება, ამ დღეში მყოფი სახელმწიფოც უმნიშვნელო საბაბის გამო ავადდება და გამუდმებით ეომება საკუთარ თავს, მაშინ როდესაც ზოგიერთი მისი მოქალაქე ოლიგარქიულ სახელმწიფოს მოუხმობს მხსნელად, ზოგი კი - დემოკრატიულს; თუმცა ზოგჯერ შინააშლილობა გარეგანი ჩარევის გარეშეც იჩენს თავს.

დემოკრატიული წყობილება, ქედმაღლურად რომ თელავს ფეხით ყოველივე ამას, ერთხელაც არ დაფიქრებულა, საიდან მოსულ კაცს ანდობენ სახელმწიფოს მართვას; საკმარისია კაცი ბრბოს ელაქუცებოდეს და პატივი არ მოაკლდება.

მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის, ისე სახელმწიფოსთვისაც, როგორც ჩანს მეტისმეტ მონობად იქცევა.

- მესამე ნაწილს ხალხი შეადგენს, ვინც თავისი ხელითა შრომობს, ვისთვისაც უცხოა საქმოსნობა და ვისაც თითქოს არაფერი არ აბადია. დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან და ყველაზე ძლიერნიც, როცა ერთად იყრიან თავს.
- ასეა, მაგრამ რატომღაც ნაკლებად იჩენენ თავშეყრის სურვილს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავიანთ წილ თაფლს ვეღარ იღებენ.

- ხალხს კი ხომ იცი, რაც სჩვევია: საგანგებოდ ირჩევდეს ერთს, თაყვანს ცემდეს და ადიდებდეს.
- მართლაც რომ ასე სჩვევია.
- მაშასადამე, ცხადია, რომ ტირანის გამოჩენისთანავე, ის ყოველთვის სწორედ იმ ფესვიდან ამოიზრდება, როგორც ხალხის ბელადი.

ტირანი იძულებულია ომის მუდმივი საშიშროებით აფრთხობდეს და აფორიაქებდეს ხალხს.

აადმიანი ნამდვილ ტირანად იქცევა მაშინ, როცა თავისი ბუნებით ან ჩვეულებით, ანდა როგორც ერთის, ისე მეორის წყალობით ან მთვრალია, ან თავდავიწყებით შეყვარებული, ანდა შეშლილი.

ტირანული ბუნების ადამიანს არასოდეს უგემია თავისუფლებისა თუ ნამდვილი მეგობრობის მადლი. 

არ შეიძლება კაცს უფრო მეტ პატივს სცემდე, ვიდრე ჭეშმარიტებას.

ხშირად სუსტი მხედველობის მქონე იმაზე მალე არჩევს საგნებს, ვისაც ბასრი მზერა აქვს.

მწუხარება კი ხშირად აბრკოლებს იმას, რასაც შეეძლო მწედ მოგვვლენოდა ამნაირ ვითარებაში.

როგორც კამათლებით თამაშში, ბედისწერის დარტყმებს უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის საშუალება, რასაც გონება მიიჩნევს უმჯობესად. პატარა ბავშვებს ხომ არ უნდა ვემსგავსოთ, როგორც კი რამე დაუშავდებათ, მაშინვე ხელს რომ იტაცებენ მტკივან ადგილზე და გულამოსკვნილი ტირიან. არა, უნდა მივაჩვიოთ სული იმას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს მკურნალობას, რათა აღიდგინოს დანაკარგი, დაიცხროს ტკივილი და წამლობით ჩაახშოს მწუხარე მოთქმა-გოდება.

იმის ღალატი, რაც ჭეშმარიტია, მკრეხელობაა. 

უსამართლო არამზადები, მთელი თავიანთი სიმარჯვისა და გაქნილობის მიუხედავად, ორმაგი გარბენის მონაწილეებს ჰგვანან, ერთი ბოლოდან მეორემდე სწრაფად რომ გარბიან, მაგრამ მეორიდან პირველისკენ შემობრუნებულთ ძალა აღარა ჰყოფნით; დიახ, ჯერ ქარივით მიჰქრიან, მაგრამ შემდეგ, ქანცგაწყვეტილნი, ქვეყნის სასაცილონი ხდებიან და გამარჯვებულის გვირგვინით შუბლშემკულნი კი არა, თავჩაქინდრულნი და ცხვირჩამოშვებულნი ტოვებენ ასპარეზობას. 

გამომცემლობა - "ნეკერი", 2003 წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram