პერიკლეს სიტყვა გმირი მეომრების დაკრძალვაზე


„ჩემამდე აქ გამოსულთა უმრავლესობა აქებდა დაღუპულთა საფლავთან მათ პატივსაცემად სიტყვის წარმოთქმის წესს, რადგან გვმართებს პატივი მივაგოთ ბრძოლაში დაცემულთ. მე კი ვამჯობინებდი, იმ მოქალაქეებს, ვინც საქმით გამოიჩინა გმირობა, საქმითვე მივაგოთ პატივი და მათი გმირობის შეფასება არ იყოს გამომსვლელის მჭერმეტყველებაზე დამოკიდებული. მართლაც, ძნელია იპოვნო შესაფერისი სიტყვები იქ, სადაც რთულია მსმენელი ნათქვამისადმი ნდობით განაწყო. მოვლენებში გარკვეულ და თანაგრძნობით განწყობილ ათენელს სიტყვა სუსტად მოეჩვენება იმასთან შედარებით, რაც იცის და რისი მოსმენაც სურს. უცხო კი როცა იმას მოისმენს, რასაც თვითონ ვერ ჩაიდენდა, შურით აღივსება და გმირობას გადაჭარბებულად მიიჩნევს. მაგრამ, რადგან ჩვენს წინაპრებს ეს ჩვეულება დაუდგენიათ, მეც დავემორჩილები და ვეცდები თითოეული მსმენელის სურვილისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

დავიწყებ წინაპრებით. ჩვენ გვმართებს მათი მოგონება. ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ოდითგანვე და თავიანთი გმირობით იგი დღევანდლამდე შემოგვინახეს. კიდევ მეტი ქების ღირსი არიან ჩვენი მამები, რომლებმაც წინაპართა დანატოვარი გაამრავლეს და ჩვენ დიდი სახელმწიფო გვიანდერძეს. ჩვენ, დღევანდელმა მოწიფულმა თაობამ, კიდევ უფრო განვამტკიცეთ მისი ძლიერება. ჩვენ მივეცით ქვეყანას სრული დამოუკიდებლობა და მოვამზადეთ იგი როგორც ომის, ასევე მშვიდობისათვის. ჩვენი საგმირო საქმეები სხვა ქვეყნების დაპყრობისას თუ შემოსეული მტრებისგან თავდაცვისას საყოველთაოდაა ცნობილი და მათზე აღარ ვილაპარაკებ. სანამ დაცემულთ, ვისაც დღეს ვკრძალავთ, ხოტბას შევასხამდე, ვიტყვი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო წყობის შესახებ, რამაც დღევანდელი სიდიადე მოგვიტანა. ვფიქრობ, დღეს ეს უნდა გავიხსენოთ და მსმენელისთვისაც სასარგებლო იქნება ამის მოსმენა.

ჩვენი სახელმწიფო უცხო ნიმუშის მიხედვით არ მოგვიწყვია. პირიქით, უმალ ჩვენ ვართ სხვისთვის სამაგალითონი და რადგან ჩვენს ქვეყანას მართავს არა ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ ხალხის უმეტესობა, ამ წყობას დემოკრატია ჰქვია.

კერძო საქმეებში ყველა თანასწორია კანონის წინაშე, ხოლო რაც სახელმწიფო საქმეს შეეხება, საპატიო თანამდებობებზე ვირჩევთ გამორჩეულთ არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების მიხედვით, არამედ პირადი ღირსების გამო. თუ კაცს ქვეყნის სამსახური შეუძლია, მას ამაში ხელს ვერ შეუშლის სიღარიბე, მდაბიო წარმოშობა ან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში მეზობელსაც არ ვაწუხებთ ზედმეტი ეჭვითა და ჭკუის დარიგებით. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიცავთ კანონებს, მათი პატივისცემის გამო, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონს, განსაკუთრებით ჩაგრულთა დასაცავად დადგენილს და დაუწერელ წესებს, რომელთა დარღვევაც სათაკილოდ ითვლება.
შრომისა და სადარდელისგან დასვენებისას ვაწყობთ თამაშებსა და დღესასწაულებს, ხოლო ოჯახური სითბო აქარვებს ყოველდღიურ საზრუნავს. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მთელი მსოფლიოდან მოედინება ყველაფერი, რაც გვჭირდება და უცხო ნაწარმით ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც საკუთარით.

სამხედრო საქმეშიც მოწინააღმდეგისაგან განსხვავებული წესები გვაქვს. ჩვენ ყველას ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და არ ვუშლით უცხოელებს მის გაცნობას იმის შიშით, რომ ჩვენ საიდუმლოს გაიგებენ. ჩვენ ხომ ძირითადად საკუთარ სიმამაცეს ვეყრდნობით და არა სამხედრო ხრიკებს. ჩვენი მოწინააღმდეგე მისი აღზრდის სისტემით ცდილობს ბავშვობიდან მკაცრი დისციპლინით გამოუმუშავოს ყმაწვილს სიმამაცე, ჩვენ კი ლაღად ვცხოვრობთ, ამგვარი სიმკაცრის გარეშე და მაინც მხნედ ვებრძვით თანასწორ მეტოქეს. აი დასტურიც:ლაკედემონელები მარტო კი არ იჭრებიან ჩვენს მიწაზე, არამედ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ კი მარტონი ვესხმით თავს მათ მეზობლებს და იოლად ვძლევთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი ქონების დასაცავად იბრძვიან. მტერი ჯერ არ შეხვედრია მთელ ჩვენ სამხედრო ძალას, რადგან ჩვენ ერთდროულად გვიწევს ხომალდების აღჭურვაც და ხმელეთზედაც სხვადასხვა ადგილას რაზმების გაგზავნა. ერთ რაზმთან შეტაკებაში თუ მიაღწევენ წარმატებას, თავი ისე მოაქვთ, თითქოს ათნელთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლიეს; მარცხის შემთხვევაში ირწმუნებიან, რომ ჩვენ ერთიან ძალებთან დამარცხდნენ. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ხიფათს არ გაბურბივართ არა მძიმე ვარჯიშის ჩვევისა და კანონის მოთხოვნათა გამო, არამედ სიცოცხლის ხალისისა და თანდაყოლილი სიმამაცის გამო. ჩვენ არ გვადარდებს მომავალი საფრთხე, რთულ მდგომარეობაში კი არანაკლებ ვაჟკაცობას ვიჩენთ, ვიდრე ის, ვინც მძიმე შრომით მუდმივად ამისთვის ემზადება. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ამითაც იწვევს გაოცებას.

მშვენიერებას ვესწრაფვით მფლანგველობის გარეშე და ჩვენი გატაცება მეცნიერებით არ ვნებს სულიერ ძალას. სიმდიდრეს იმიტომ ვაფასებთ, რომ მისი გონივრულად მოხმარება შეიძლება. სიღარიბე არ არის ჩვენთან სამარცხვინო, მაგრამ სათაკილოა, თუ კაცი არ ცდილობს თავისი შრომით დაძლიოს იგი. ჩვენი ხალხი კერძო და საზოგადო საქმით ერთდროულად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა,რომ ყველა საკუთარ საქმეშია გაწაფული, თითოეული მოქალაქე კარგად ერკვევა პოლიტიკაში, რადგან მხოლოდ ჩვენ მივიჩნევთ საზოგადოებრივ საქმეთაგან შორს მდგომ კაცს არა საიმედო მოქალაქედ, არამედ უსარგებლო უქნარად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადო საქმეს ავნებს საჯარო განხილვა, პირიქით, არასწორად მიგვაჩნია მოუმზადებლად, განსჯის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მამაცნი ვართ, ჩვენ ჯერ კარგად დავგეგმავთ და შემდეგ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში; სხვებში კი უმეცარი შეზღუდულობაა გამბედაობის მიზეზი, ხოლო საღი განსჯა - მერყეობის.

ნამდვილ ვაჟკაცად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, ვინც მწარეც იცის და ტკბილიც და სწორედ ამის გამო არ გაურბის ხიფათს. გულკეთილობა ჩვენ განსხვავებულად გვესმის, ვიდრე ადამიანების უმრავლეს ნაწილს: მეგობრებს ვიძენთ არა იმის მიხედვით, რასაც ვიღებთ მათგან, არამედ იმით, თუ რა მეგობრობას ვიჩენთ მათ მიმართ.

საიმედო მეგობარი სწორედ ის არის, ვინც სამსახურს უწევს მეორეს და დამსახურებულ მადლიერებას განამტკიცებს შემდგომი სამსახურით. ნაკლებ სანდოა კაცი, რომელიც კეთილ საქმეს ვალდებულების გამო აკეთებს და არა წრფელი გულით. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც სხვას უანგაროდ ეხმარება.
მოკლედ, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ ქვეყანა სანიმუშოა მთელი ელადისათვის და თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება, რომელსაც სწორედ ჩვენი წყობის მეშვეობით მივაღწიეთ. თანამედროვე ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოა სინამდვილეში იმაზე ძლიერი, რა სახელიც მას აქვს. მხოლოდ მისი მტერი არ ითაკილებს მისგან მარცხს, ხოლო მისი ქვეშევრდომი ვერ დაიჩივლებს მმართველთა არარაობას. ჩვენი დიდი საქმეებით დავადასტურეთ თანამედროვეთა და შთამომავლობის გასაოცრად ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება.

ჩვენ განსადიდებლად არ გვჭირდება ჰომეროსი. ჩვენმა სიმამაცემ გადაგვიშალა ზღვაც და ხმელეთიც და ყველგან სამუდამო ძეგლი დაგვიდგა. სწორედ ასეთი ქვეყნისთვის დადეს თავი ამ მეომრებმა და ცოცხლად დარჩენილებიც ყველანი სიხარულით შევეწირებით მას.
ამიტომ ვისაუბრე ამდენი ჩვენი ქვეყნის დიდების შესახებ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტს ვიცავთ, ვიდრე ის ხალხი, ვისაც მსგავსი რამ არ გააჩნია, და მინდოდა მომეტანა დაღუპულთა გმირობის უტყუარი საბუთი. ძირითადი უკვე ითქვა. რადგან ყველაფერს, რასაც მე აქ ხოტბა შევასხი, ჩვენი ქვეყანა ამ გმირებს უნდა უმადლოდეს. მთლ ელადაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთ, ვისი სახელით ამდენადვე შეესაბამება მის დამსახურებას. მათი აღსასრული სიცოცხლის სახელოვანი დასასრულია. ვინც ადრე თავის მოვალეობას არ ასრულებდა, სამშობლოსათვის ბრძოლით შეუძლია ძველ შეცოდებათა გამოსყიდვა. ამ გმირებმა კი არ დაკარგეს მხნეობა, არ ამჯობნეს სიმდიდრით ტკბობა ან გამდიდრების იმედით არ შეუშინდნენ საფრთხეს.  სამშობლოსათვის თავის დადება მათ უდიდეს სიქველედ მიიჩნიეს. უდიდესი განსაცდელის ჟამს საკუთარ ძალებს დაენდნენ. მათ სიკვდილი ამჯობინეს დათმობას, რითაც თავიდან აიცილეს სიმხდალის ბრალდება, დაამარცხეს შიში და სამუდამო სახელი მოიპოვეს.

მათ პირნათლად მოიხადეს ვალი ქვეყნის წინაშე. ცოცხლად დარჩენილებმა ღმერთებს უნდა ვთხოვოთ, რომ ბედმა მეტად გაგვიღიმოს, მაგრამ მტრის მიმართ ჩვენც მათსავით შეუდრეკელი უნდა ვიყოთ. მოქალაქეთა უმეტესობა მხოლოდ ორატორისგან ნუ შეიტყობს, რა კარგი მტრის მოგერიება, არამედ თითოეულ თქვენგანს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ქვეყნის მშვენიერებითა და მიღწევებით ტკბობის საშუალება. როდესაც ქვეყნის სიდიადით იამაყებთ, გახსოვდეთ, რომ არსებობდნენ ღირსეული ადამიანები, ვინც იცოდა, რა არის ვალი, და აღასრულა იგი. მათ წარუმატებლობის დროსაც არ დაუკარგავთ ღირსება და ქვეყანას უმშვენიერესი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ამით მათ საუკუნო სახელი მოიპოვეს. ამგვარი ხალხია ჩვენთვის სამაგალითო. ბედნიერებად მიიჩნიეთ თავისუფლება, ხოლო თავისუფლებად - სიმამაცე, და მხნედ შეხვდით ომს. გაჭირვებულმა და უიმედომ რისთვის უნდა იბრძოლოს, მაგრამ სამშობლოსათვის თავგანწირვა მართებს მას, ვისაც წარუმატებელი ომი ცხოვრებას დაუმძიმებს. კეთილშობილი ადამიანისათვის დამცირება სიკვდილზე უარესია, აღსასრული კი უმტკივნეულო ხდება, თუ საკუთარი ძალის შეგრძნებითა და საერთო საქმის წარმატების იმედით კვდები.

ამდენად, მე არ ვგლოვობ დაღუპულთა მშობლებთან ერთად და მივმართავ მათ ნუგეშის სიტყვებით, ბედნიერია ის, ვისაც ასეთი გმირული აღსასრული ეღირსა, ან თქვენსავით კეთილშობილი მწუხარება ერგო. მესმის, რომ ძნელია გაგიქარვოთ შვილის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება, თქვენი დაკარგული ბედნიერება ყოველთვის გაგახსენდებათ, როდესაც სხვისას დაინახავთ. განუცდელ ბედნიერებას არ მოაქვს ტკივილი, მაგრამ შეცვეულის დაკარგვა მტანჯველია. თუ კიდევ ახალგაზრდა ხართ და სხვა შვილის გაჩენა შეგიძლიათ, ამით ინუგეშეთ თავი. ახალი ბავშვები მშობლის ნუგეშიცაა და ქვეყნის ძალაც. ვინც არც ზრუნავს ბავშვების მომავალზე, ვერც თანამოქალაქეთათვის სასარგებლო და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მოხუცებმა კი გაიხარეთ იმით, რომ სიცოცხლის დიდი ნაწილი ბედნიერად განვლეთ და ცოტაღა დაგრჩათ, დარჩენილ დღეებს კი შვილების დიდება დაგიმშვენებთ. დიდებისადმი ლტოლვა არასდროს ქრება. იმ ასაკშიც კი, როდესაც კაცი საზოგადოებისათვის უსარგებლო ხდება, მას ყველაზე მეტად პატივი სწყურია.

გმირების ვაჟებსა და ძმებს გაგიჭირდებათ მათ სახელთან შეჯიბრი და უდიდესი ვაჟკაცობითაც მხოლოდ მიუახლოვდებით მათ დიდებას. სიცოცხლეში ღირსეული ხალხი შურს აღძრავს და მხოლოდ მიცვალებულებს ასხამენ უშურველად ხოტბას (ისინი ხომ მეტოქეები აღარ არიან). უნდა შევეხო დაქვრივებულ ქალთა სიქველეს და მათ ეს რჩევა მივცე: ნუ დაკარგავთ ქალურ ბუნებას როგორც მეუღლეები და მოქალაქეები; თქვენი უდიდესი დამსახურება იქნება, თუ კაცები თქვენზე არაფერს იტყვიან, არც აუგს და არც საქებარს.


ჩვენი წინაპრების წესისამებრ, დაღუპულთა პატივსაცემად მე ვთქვი, რისი თქმაც საჭიროდ მიმაჩნდა. ქვეყანამ ნაწილობრივ მიაგო მათ პატივი ამ ცერემონიალით, და ის იზრუნებს მათ შვილებზედაც სრულწლოვანებამდე. ეს მაღალი ჯილდოა, გვირგვინის მსგავსი, რასაც გმირების შვილები იმსახურებენ. ქვეყანაში, სადაც ვაჟკაცობა ფასდება, მოქალაქეებიც ვაჟკაცები არიან“.

თუკიდიდე - „პელოპონესის ომის ისტორია“ (ისტორია)
ადაპტირებული თარგმანი - ლევან გორდეზიანისა 
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram