მუსტაფა ქემალ ათათურქის წერილები კორინისადმი

სოფიაში წასვლამდე მუსტაფა ქემალს თავისი ამხანაგის, ომერ ლუთფუს ქვრივთან, წარმოშობით იტალიელ კორინთან ჰქონდა კავშირი. 

კორინი დიდი მელომანი გახლდათ. იგი თვის სახლში, ბეიოღლუში, რეგულარულად აწყობდა საღამოებს, რომლებსაც მუსტაფაც ხშირად სტუმრობდა. კორინმა აზიარა იგი მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესს, ევროპულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი ფრანგული ენის დახვეწაში დაეხმარა.

სოფიიდან, მუსტაფა ჯერ კიდევ დამტვრეული ფრანგულით ხშირად სწერდა მას წერილებს იქაურ ამბებზე:


მივიღე თქვენი უკანასკნელი წერილი. ძალიან მიხარია, რომ სულ ჩემზე ფიქრობთ. მადლობა იმის შეტყობინებისთვის, რა მოგვიტანა ომმა აფრიკაში... ხომ იცით, სასტუმრო „ბულგარეთიდან“ ახლად აშენებულ „სპლენდიდ პალასში“ გადავედი. ნამდვილად კომფორტული სასტუმროა. აბაზანები, მომსახურე ქალიშვილები, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც მოგესურვება.

ცალკე თემაა გართობა. მარტო ამისთვის ღირს ამ სასტუმროში გაჩერება! მაგრამ არა, კორინ, არა! სოფიაში ერთ ლამაზ ქალსაც ვერ ნახავ. სასტუმროშიც იმიტომ ვცხოვრობ, რომ შესაფერი სახლი ვერ ვიშოვე. ჯევდეთ ბეისთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. არ მეგონა, ასე თუ დავმეგობრდებოდით. გუშინწინ ერთ პარიზელ ქალბატონთან წამიყვანა სტუმრად, თავის ძველ ნაცნობთან. იქ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნებაც იმყოფებოდა. რამდენიმე მინისტრთან ერთად ბაკარას თამაშობდნენ. რადგან მე თამაშში მონაწილეობას არ ვიღებდი, მათ მხოლოდ მივესალმე, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი და წამოვედი.

პარიზელი ქალი სულაც არ მომეწონა. ვფიქრობ, ჩემი მიყვანა ჯევდეთ ბეის მან სთხოვა. „mon Commandant”, მითხრა დამშვიდობებისას, „ამ საღამოს კარგად ვერ გაერთეთ, მაგრამ მერწმუნეთ, შემდეგ ჯერზე ვეცდები, გასიამოვნოთ“. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება.

იქიდან კაფეში წავედით, „ახალ ამერიკაში“. გერმანელი, ფრანგი და სხვა მომღერალი ქალები იყვნენ. იმის იმედით, რომ სუფრასთან მივიპატიჟებდით, გაუთავებლად თავს დაგვტრიალებდნენ. ჯევდეთ ბეიმ ორ უნგრელ გოგოს მოუხმო. ერთ-ერთი გერმანულად ლაპარაკობდა. მეორემ, უმცროსმა, უნგრულის გარდა, არაფერი იცოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერავითარი სიამოვნება ვერ მივიღე. ცუდ ხასიათზე დავდექი. გოგოები იქ დავტოვეთ და წამოვედით. სასტუმროში რომ დავბრუნდი, შუაღამე გადასული იყო.

ხშირ-ხშირად მომწერეთ. სულითა და გულით თქვენთან ვარ.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

„ადამიანი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გრძელი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ მაინც იმსახურებს მცირე დასვენებსაო, ამბობდით თქვენ. მაგრამ სად არის! დასვენება, მგონი, მხოლოდ სიკვდილის მერე მეღირსება. თუმცა სიმშვიდეზე რომც ვოცნებობდე, თქვენი ღმერთის სამოთხეში მოხვედრას ასე ადვილად მაინც არ დავთანხმდებოდი. სულ მთლად დავიწყებას, მირჩევნია საერთოდ არ გავჩენილიყავი ამ ქვეყანაზე“ - დიარბაქირში განთავსებული შტაბიდან ათათურქი წერს კორინს

Vangogen • ვანგოგენი

Instagram