ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია

კაცს სულ ჰგონია, უკან დარჩენილი ცხოვრება ძველებურად გრძელდება. ჩემს დაბადებამდე უსასრულოდ დიდი დრო იყო გასული და ჩემი სიკვდილითაც არაფერი დამთავრდება.

ვერ ვიტყვი, სიკვდილს რომ გადავეყარე, მაშინღა გავიგე, რა უმნიშვნელო რამ ყოფილა ფული მეთქი. არა, ფულის ყადრი მკვდარმაც იცის.

აქამდე ჩემს უღიმღამო ცხოვრებას ისე ვატარებდი ნაყაშხანასა და სახლს შორის, რომ ვერ ვამჩნევდი, როგორ მყვარებია სიცოცხლე. ახლა, სიკვდილის ჟამს, ხელებით, ფრჩხილებით, კბილებით ვებღაუჭებოდი მას.


ასევე მოედვნენ სტამბოლს ჩერქეზები, აფხაზები, მეგრელები, ბოსნიელები, ქართველები, სომხები. მათ ისეთ უმსგავსოებაში ჩაითირეს ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელიაო. ყავახანები ზნედაცემული შფოთისთავებით არის სავსე - იკრიბებიან და დილამდე ბილწსიტყვაობენ. თრიაქით გაბრუებული დევიშები ღამეებს როკვაში ათენებენ, მერე, ჯერ ერთმანეთს დაერევიან, შემდეგ - პატარა ბიჭებს. ეს არის ალაჰის ჭეშმარიტი გზაო, - ამბობენ.

ძალიან ძნელი დასაჯერებელი ყოფილა, რომ მკვლელი ხარ.

ადამიანებს მოსწონთ, როცა სხვა ვიღაც ნაძირალაა.

ჭეშმარიტი პატივისცემა გულიდან კი არა, მოკრძალებიდან, თავმდაბლობიდან მოდის. 

თუ გინდა, მხატვრობასა და ხელოვნებაზე გული არ გაგიტყდეს, ხელობად არ უნდა გაიხადო იგი. როგორი ნიჭიერიც უნდა იყო, ფული და ძალაუფლება სხვაგან ეძებე. როცა შენი ნიჭისა და ღვაწლის საკადრის საფასურს ვერ მიიღებ, ხელოვნებას ნუ შემოსწყრები. 

ვიდრე თქვენს სულსა და გულში სატრფოს სახე ცოცხლობს, მთელი სამყარო თქვენი სახლია.

როცა თბილისის ქუჩებს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ბავშვები კი თოვლს ბალიშქვეშ ინახავენ, საზაფხულოდ.

ნახატი გონების სიჩუმეა და თვალის მუსიკა.

დროის უსასრულობის იდეა, ხუთასი წელი რომ ელოლიავებოდნენ არაბი გადამწერები, ტექსტში კი არა, ნახატში განხორციელდა.

თუ სურათი სიყვარულის თემაზეა, სიყვარულით უნდა დაიხატოს; თუ ტკივილია, სურათიდანაც ტკივილი უნდა მოედინებოდეს, მაგრამ არა ადამიანებიდან და მათი ცრემლებიდან, არამედ შინაგანი ჰარმონიით უნდა იგრძნობოდეს. გაკვირვების გამოსახატავად არასდროს დამიხატავს კაცი, რომელსაც საჩვენებელი თითი პირში ჩაუდია. საუკუნეებია, ასე ხატავენ. მე კი სულთნის ფეხზე წამოდგომით მთელ სურათს გამოვათქმევინე გაკვირვება.

ალაჰის სამყარო ისეთია, როგორის ნახვაც შვიდი წლის ჭკვიან ბიჭს მოუნდებოდა. ალაჰმა ეს ქვეყანა დასანახად შექმნა. მერე კი, ნანახი ერთმანეთისათვის რომ გაგვეზიარებინა, მოგვცა სიტყვა. მაგრამ ჩვენ ამ სიტყვებით ამბები შევქმენით და გვგონია, ნახატები ამ ამბებისთვის კეთდება, მაშინ, როცა ნახატი ალაჰის ხსოვნის ძიებაა, სამყაროს ისე დანახვაა, როგორც ალაჰი ხედავს.

სიყვარული ასულელებს ადამიანს, თუ მხოლოდ სულელები ხდებიან შეყვარებულები? 

სიბერე მხოლოდ ის არ არის, აღმართზე ასვლა რომ გიჭირს. ისიც არის, სიკვდილისა რომ აღარ გეშინია, სურვილის უქონლობაც არის.

ადამიანმა ერთხელ თუ დაძლია შიში, მაშინვე სხვა კაცად იქცევა.

არ არსებობს ხვრელი, რომელშიც ფული ვერ შევა. ზნემაღალ ადამიანებს სჩვევიათ - თქვენ მაგივრად რცხვენიათ და თვალს გარიდებენ.

როცა ბოლო იმედი ხელიდან გვეცლება, ვიხვეწებით, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს და არ გვეშინია, ამ დროს სასაცილოდ თუ გამოვიყურებით.

ბედნიერებაა ცხოვრების მთავარი მიზანი. სიყვარულიცა და ქორწინებაც მისი მოპოვების საშუალებაა.

თავმდაბლობა იმის გამოა სათნოება, რომ ქვეყნად ცხოვრების ტვირთს ამსუბუქებს. 

მშვენიერება - ეს არის თვალის მიერ იმის აღმოჩენა, რაც გონებამ იცის.

ამქვეყნიური სილამაზე და იდუმალება მხოლოდ მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, სიყვარულითა და გულისხმიერებით გაიხსნება.

ქვეყნის, სახელმწიფოს საქმეები მხოლოდ სიკეთით ვერ წარიმართება. ბოროტებაც საჭიროა, მადლიც და ცოდვაც.

ბედნიერება ერთსულოვნებაშია და ერთსულოვნებაა სწორედ ბედნიერება. თუ არ იოცნებე, დრო არ გავა, არასოდეს არ გავა.

აღარავის აღარ ახსოვს ის დრო, როცა სამყაროს სხვა თვალით უყურებდნენ.


თარგმნა ლია ჩლაიძემ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram