ჯემალ ქარჩხაძე - იგი

- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში გადაეშვება.

იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა. კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, რატომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად არ ქრება?

”კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვამ იგიმ თავის სხეულში. - იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.

იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. ”იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ.

წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.

”იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორებიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.

მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.

ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს.

- იგის არ აქვს სიტყვები.

სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ?

- რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი...

”ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი ვერ იპოვა. ძველი ბელადისგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს”.

იგიმ იცის რა დარჩება მისგან!

”იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იყო”.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram