ედგარ დეგა 1834-1917 - ჩანაწერები და ნახატები

”არც ერთი ხელოვნება არ არის ჩემსაზე ნაკლებად სპონტანური. შთაგონება, უშუალობა, ტემპერამენტი ჩემთვის უცნობია. ერთი და იგივე თემა ათჯერ, ასჯერ უნდა გაიმეორო. ხელოვნებაში შემთხვევითი არაფერი უნდა იყოს, თვით მოძრაობაც კი”.

”მას შემდეგ, რაც ბევრი სურათი დავხატე მაღალი რაკურსიდან, რამდენიმეს დახატვას ვაპირებ დაბლა მდებარე წერტილიდან, ქალის სიახლოვეს დავჯდები და ქვევიდან ზევით დავიწყებ ყურებას”.

”ვერავინ ასახავს მონუმენტს თუ სახლს დაბალი ფენების შეხედულებისამებრ ისე ერთგულად, როგორც ეს ქუჩაში სიარულისას არის შესაძლებელი”.

”ადამიანი იმას ხატავს, რისი დანახვაც სურს და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ხელოვნებას”.

”ბევრი მუშაობა სჭირდება საღამოს განათბის, ლამპების, სანთლების ეფექტებს”.

”სინდისი მქენჯნის, ამდენი მშვენიერი რამ რომ ვნახე... ჯოტოს ნამუშევრებში იმდენი ექსპრესია და საოცარი დრამაა... ის გენიოსია!”

”კვირა დილაა. ჯოტოს წმინდა ფრანცისკ ასიზელი დემონებს განდევნის, წმინდა ფრანცისკი ღმერთს ელაპარაკება, არასდროს მიგრძვნია ასეთი აღელვება და მგონი ვერც ვერასოდეს ვიგრძნობ. თვალები ცრემლით მაქვს სავსე”.

”არ იყო საჭირო (ჯოტოს ფრესკების ასლის გადაღება) ; მართალია ცრემლი აღარ მდის, მაგრამ ეს ფრესკები სიკვდილამდე მემახსოვრება” - ედუარდ მანესადმი მიწერილი წერილი

”ჩემი სურათები მათემატიკური გამოთვლებისა და უთვალავი ეტიუდების ნაყოფია”.

”აქ არიან ქალები, რომლებიც ბანაობენ, შრებიან, ტანს იხეხავენ, თმას ივარცხნიან ან სხვას ავარცხნინებენ” - ედგარ დეგა კატალოგში სალონზე გამოფენილ თავის ათ სურათზე უთითებს. (1886 წელი - იმპრესიონისტების უკანასკნელი სალონი)

”ქალის ტუალეტი” - 1889



”დამუთოვებელი ქალი” - 1869
”სამრეცხაოები, სადაც ქლორის, ოფლისა და დაუთოებული თეთრეულის სუნი ტრიალებს, მხატვრის ღრმა შთაგონების წყაროა. თუ შესაძლებელია, ის საგანგებოდაც კი ააშკარავებს ამ სამუშაოს სისაძაგლეს. იგი ლიტრობით ღვინოს ათავსებს ამ ქალების წინ, რომლებიც ისე ამთქნარებენ, თითქოს ყბა უნდა ჩამოუვარდეთო” - გუსტავ კოკიო (ხელოვნებათმცოდნე)

”მის ლალა ფერნანდოს ცირკში”- 1879
”დღესდღეისობით სწორედ ეს კაცი (დეგა) ჩასწვდა ყველაზე უკეთ ამ ცხოვრების სულს თანამედროვე ცხოვრების საკრეში” - ედმონ დე გონკური

”ქალის თავი” - 1867
ჟურნალ ”იმპრესიონისტის” (L’Impressionniste) პირველ ნომერში კრიტიკოსი - ჟორჟ რივიერი წერს : ”ეს (”ქალის თავი”) საუცხოო სურათია, ისეთივე მშვენიერი, როგორიც კლუეს საუკეთესო ტილოები, რომელიც ყველაზე დიდი პრიმიტივისტი იყო.

”ჭეშმარიტი მხატვარი ის იქნება, ვინც თანამედროვე ცხოვრებიდან ეპიკურ ასპექტს გამოყოფს და ჯერ დაგვანახებს, შემდეგ კი მიგვახვედრებს, რამდენად დიადები და პოეტურები ვართ ჩვენ ბაფთიანი ჰალსტუხებითა და ლაქის ფეხსაცმელებით” - შარლ ბოდლერი

”დეგას ეხერხება სურათის აგება იმგვარად, რომ იგი კომპოზიციას არ ჰგავდეს” - მაქს ლიბერმანი
კაბარე ”ამბასადორი” - 1875-1877
”ეს ქალი (კაბარე ”ამბასადორი”) ხომ მიხვდით? - სასმლისგან ხმაჩახრინწული კონტრალტოა... იგი მაყურებლისკენაა გადმოხრილი, გაწვდილი ხელით კი თითქოს მაყურებელს იწვევს სცენაზე. ამ ქალს სრულიად არა აქვს სცენის შიში, როგორც მსახიობები ამბობენ ხოლმე. არა, იგი მაყურებელს მიმართავს, კითხვებს უსვამს, იცის, რომ ის მის სურვილებს აასრულებს. იგი დესპოტის სატრფოა და მის მანკიერებებს უმღერის” - ჟორჟ რივიერი (კრიტიკოსი)

”ტაშტი” - 1886
ფელიქს ფენეონი (კრიტიკოსი) “Reviu Independante (”დამოუკიდებელი ჟურნალი”) წერს - ”საბანაო ტაშტებში ჩამჯდარი ქალები ავსებენ მათ სივრცეს. ერთი, ნიკაპი რომ გულზე დაუბჯენია, კისერს იხეხავს; მეორე მთელი ტანით დაგრეხილა და მკლავი ზურგზე აქვს მიკრული, რათა გასაპნული ღრუბელი წაისვას კუდუსუნზე; ხერხემალი ლარივითაა დაჭიმული, ხელები ვერტიკალურად აქვს ჩაყოფილი წყლით სავსე ტაშტში ტანის გასახეხი უხეში ქსოვილის დასასველებლად, მკლავებს შორის კი მისი მსხლისებრი ძუძუების დანახვა შეიძლება”.

ჰუსმანსი მობანავე ქალთა სერიის შესახებ : ” იგი აქ არის, სხეულის უბადლო სილამაზე, რომელსაც მუსლინისფარებიანი ფანჯრებიდან შემოსულ სინათლეზე წყალი ცისფრად და ვარდისფრად ნაზად ათრთოლებს ბინდში ჩაძირული ოთახების სიმყუდროვეში, სადაც შიდა ეზოების გაცრეცილ შუქზე შეიძლება მოჩითული შპალერით გაკრული კედლების, პირსაბანებისა და საბანაო ტაშტების, ფლაკონებისა და სავარცხლების, ბზისსახელურიანი ჯაგრებისა და წითლად გავარვარებული სპილენძის მაყალის დანახვა! დეგას სურათებში ქალღმერთების გლუვ და მკვრივ შიშველ სხეულებს კი არ ვხედავთ, არამედ ნამდვილ, ცოცხალ, შიშველ ახალდაბანილ კანს, რომელსაც სიცივისგან ხორკლი მოსდებია”.

”ბატონი და ქალბატონი მანეები”
დეგამ თვისი მეგობრისა და მასწავლებლის პატივსაცემად, ”ბატონი და ქალბატონი მანეები” დახატა. მანეს, რომელსაც დეგამ ეს სურათი აჩუქა, მეუღლის პორტრეტი არ მოეწონა, დანა აიღო და სურათს მოზრდილი ნაწილი ჩამოაჭრა. შეურაცხყოფილმა დეგამ მანეს მისი სურათი - ”ნატურმორტი ქლიავებით” დაუბრუნა, რამაც რამდენიმე დღის შემდეგ სინანული მოჰგვარა. კაფე ”გერბუას” მუდმივი სტუმრების ჩარევის შემდეგ, ორ მხატვარს შორის მეგობრული ურთიერთობა მალევე აღდგა.

დეგას სიკვდილის შემდეგ, მის სახელოსნოში 150 მომცრო ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელთაც მხატვარი ”სახელდახელო, მომენტალურ სკულპტურებს” უწოდებდა და მათი გამოფენისაგან თავს იკავებდა.

”14 წლის ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონა” – 1879-1881
”დიდი არაბესკა” – 1892-1896

”მოცეკვავე ქალი, რომელიც თავის მარჯვენა ფეხს უყურებს” – 1895-1910

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Vangogen • ვანგოგენი

Instagram