მიშელ უელბეკი - ბრძოლის ველის განვრცობა

ჩემს თავს ზემოთ, კედელზე, ჭორიკნების სილუეტები ჩინური ჩრდილებივით ისახებოდა.

მარსელებს შორის დავეხეტებოდი და სულ უფრო მეძალებოდა განცდა, რომ ყელში ამომივიდა მანქანებიც და, საერთოდ ამა ქვეყნის ყველა ნივთი.

ცხოვრებას ვერავინ მასწავლის, კარგად ვიცი მისი ავან-ჩავანი.

თავი და თავი ის არის, რომ წესიერად ცხოვრება ბევრს ვერაფერს შველის. მართლაც, შეიძლება ახერხებ (ზოგჯერ ერთობ გაჭირვებით, მაგრამ მაინც) წესიერად იცხოვრო: იხდი გადასახადებს, დროულად ისტუმრებ ვალებს, პირადობის მოწმობაც მუდამ თან დაგაქვს (პატარა ჯიბეც გაქვს შარვალზე, მეტროს ბილეთისათვის)... და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, მეგობრები არ გყავს...

და მაინც, რჩება თავისუფალი დრო. რა უნდა აკეთო? რაში მოიხმარ? მოყვასის სამსახურად გადაეგები? მაგრამ, მოდი, ნუ ვიცრუებთ, მოყვასი ხომ ფეხებზე გკიდია.

სახლში ჩირთი-ფირთობა, ამ ცნების ფართო გაგებით, შეიძლება საქმეს წაადგეს. მაგრამ, ვერაფერი აღუდგება წინ სულ უფრო ხშირ განცდას წუთისა, როდესაც აბსოლუტური სიმარტოვე, სრული სიცარიელე და წინათგრძნობა უცილობელი უბედურებისა, რომლისკენაც მიექანება შენი არსებობა, ერთმანეთს ერწყმის და შენც იძირები ჭეშმარიტი ტკივილის სიღრმეებში.

და, მაინც არ გინდა სიკვდილი.

გქონდა ცხოვრება და ცხოვრობდი; დიახ, იყო წუთები და იყო ცხოვრების განცდა. რა თქმა უნდა, ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ფოტოსურათები ხომ დარჩა. სიჭაბუკის ჯამი იყო, ან შეიძლება, ოდნავ აქეთ. ო, რარიგ ესწრაფებოდი სიცოცხლეს, არსებობა სავსე იყო წარმოუდგენელი, ბრწყინვალე შესაძლებლობებით!

შენც გაინტერესებდა სამყარო. ეს დიდი ხნის წინ იყო, აბა, ერთი გაიხსენე! წესისა და რიგის სამფლობელო აღარ კმაროდა, ვეღარ ძლებდი მოწესრიგებულ სამყოფელში. ასე რომ, გსურდა თუ არა, ბრძოლის სამყაროში უნდა გადაგებიჯა, შეეცადე, აღიდგინო ზუსტად ის წამი. ბევრმა წყალმა ჩაიარა, არა? ხომ გახსოვს, წყალი ცივი იყო...

ო, რარიგ დაშორდი იმ ნაპირს! კიდევ დიდხანს მიგყვებოდა სხვა ნაპირის იმედი. ახლა ისიც მიინავლა. და მაინც მიცურავ და ყოველი ხელის მოსმაზე მორევს უახლოვდები, ცოტაც და ჩაიძირები. სუნთქვა გეკვრის, ფილტვები დასკდომაზე გაქვს, წყალი სულ უფრო და უფრო გსუსხავს, გემოც უფუჭდება. არც თუ ისე ახალგაზრდა ხარ. სადაცაა, სული ამოგხდება.

შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცის ცხოვრება წინ გადაგეშლება, სიხარულით გავსებს. მე ეს უკვე შვიდი წლისამ ვიცოდი. სამყაროს არსი მტანჯველი და არაერთგვაროვანია. მას ვერაფერს მოუხერხებ; სახეს ხომ ვერა და ვერ უცვლი. ჰოდა, ამიტომაც მგონია, სხვისი ცხოვრების კითხვა ჩემთვის უფრო უპრიანია. მაგრამ, ასეთი ცხოვრება ჩემი ხვედრი არ ყოფილა!

ქალები ჩემისთანებს უბრად უვლიან გვერდს. ამიტომაც, როცა რომელიმე მათგანი გადაწყვეტს და ფეხებს გადამიშლის, ვგრძნობ, რომ თავს ძალას ატანს. ეტყობა, ფიქრობს, სულ არარაობას კიდევ ეს სჯობიაო.
ცხოვრება იცლება თავგადასავლებისაგან და დღითი დღე სულ უფრო აშკარად იკვეთება სიკვდილის სახე, მთელი მისი ბრწყინვალებით. მესამე ათასწლეულს მართლაც რომ კარგი პირი უჩანს?!

საერთოდ, ადამიანებს ძალიან უყვართ სიმყრალეზე საუბარი, ეს დიდი ხანია შევამჩნიე.

ერთის მხრივ, მეცოდება კიდეც ბერნარი. რა თავში იხლის საკუთარ ცხოვრებას? ლაზერის ფირფიტებს იყიდის იაფფასიან მაღაზიაში? ასეთ ტიპს ბავშვები უნდა ჰყავდეს. აი, შვილები თუ გაუჩნდა, იმის იმედი მაინც მექნება, რომ პატარა ბერნარების ხროვიდან ერთი მაინც შეიძლება გამოვიდეს ხეირიანი.

კარგი დრო მოვა. სადაც კი მივალ, ყველგან ეს მისმის; კარგი დრო მოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიან.

ჩვენი ცივილიზაცია სასიცოცხლო ენერგიისაგან დაიწრიტაო, მითხრა.

დღევანდელი ადამიანი თავგადასავალს და ეროტიზმს მიელტვის და საკუთარ თავს წამდაუწუმ უმეორებს, რომ სიცოცხლე ამაღელვებელი და სასწაულებრივი რამ არის. თუმცა, თუ სიმართლე გინდა, ცოტა არ იყოს, ეჭვიც ეპარება ამაში.

მგონი 80% ნორმალური ვარ.

დღეს ადამიანები ისე ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრისას სხაპა-სხუპით ლაპარაკობენ, ამ მთისა და იმ ბარისას მიედ-მოედებიან. ზოგჯერ საქმე პირზე კოცნამდეც კი მიდის. რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრებს ინიშნავენ, მაგრამ დარეკვაზე ნურას უკაცრავად. ერთმანეთს თუ მაინც დაურეკეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ, წამსვე გრძნობენ, რომ პირველი შეხვედრის სიცხოველეს იმედგაცრუება ენაცვლება. დამიჯერეთ, ცხოვრებას კარგად ვიცნობ! ასეა და რას იზამ!

კატრინ ლეშარდუა სულაც არ მიზიდავდა. მისი გადაჟიმვა აზრადაც არ მომსვლია. ღიმილით შემომცქეროდა, "კრემანს" წრუპავდა და ცდილობდა მხნეობა მოეკრიბა. ვიცოდი, ძალიან სურდა, ვინმეს გაეჟიმა. რაოდენ უსარგებლოდ ეჩვენებოდა ის ნახვრეტი, მუცლის ქვემოთ?! მამაკაცი კიდევ რაღაცას მოუხერხებს საკუთარ პალოს, მაგრამ ქალმა როგორ შეავსოს საშოს სიცარიელე?

მე იმდენად ცოტა ვიცხოვრე, რომ მგონია, სიკვდილი არ მიწერია. ნუთუ, კაცის ცხოვრება ამაზე მეტი არაფერია? სულ იმის მოლოდინში ხარ, რომ დღეს თუ არა, ხვალ რაღაც მოხდება. ელოდე! ცხოვრება შეიძლება ცარიელი და ხანმოკლე გამოდგეს. მწირი დღეების რიგი არც კვალს სტოვებს, არც მოგონებას; ერთბაშად, ძაფი წყდება, ყველაფერი თავდება...

რაფაელ ტისერანის მთელი უბედურება, მისი პიროვნების ძირი და ძირი ის არის, რომ ძალიან მახინჯია.



ჩემი პიროვნული თავისუფლების ჭეშმარიტი გამოხატულება მოწევა გახდა, ერთადერთი ქმედება, რომელშიც მთელი არსებით ვარ ჩაფლული, ერთადეღთი ცხოვრებისეული არჩევანი.

ერთი, რაც ნაღდად ვიცი, ის არის, რომ შეგიძლია ადვილად გადახვიდე სიცოცხლიდან სიკვდილში, ან არ გადახვიდე. გარკვეულ ვითარებაში, რა თქმა უნდა.

ვამჩნევ, ადამიანები ჯგროდ დადიან, ან ორნი თუ ექვსნი ერთად. ერთი ჯგუფი მეორეს არაფრით ჰგავს, არა, ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაგრამ იგივეობას ვერ დააბრალებ. თითქოსდა ცდილობენ, წარმოაჩინონ ანტაგონიზმი, რომელიც მუდამ თან ახლავს სხვებისგან გამორჩევის წადილს, ამიტომაც, განსხვავებულად იცვამენ, სხვანაირად დადიან, სხვანაირად ჯგუფდებიან.

უცაბედი სიკვდილი უსამართლობად მეჩვენებოდა. ჩემზე ვერვინ იტყვის, საკუთარი სიცოცხლე გაფლანგაო.

საავადმყოფოს ადვილად ეჩვევა კაცი.

საკუთარ სნეულებებზე ლაპარაკობდნენ სხაპასხუპით, განსაკუთრებული ყურადღებით და, წარმოიდგინეთ, რაღაცნაირი სიამოვნებითაც, რომელიც ესოდენ აღიზიანებს ჯანმრთელ ადამიანს.

სნეულ სხეულს ტკბობის სურვილი არ უნელდება.

ორშაბათს დილით, რადიოდან შემთხვევით მოვკარი ყური, რომ სტუდენტებმა გამოსვლები შეწყვიტეს და, რა თქმა უნდა, რაც სურდათ, გაინაღდეს.

ჩვეულებრივ, ექიმები არც თუ ისე ადვილად ელევიან ავადმყოფებს. შევსებული საწოლები ხომ რაღაცას ნიშნავს?

ხეობაში გაბნეული პატარა დასახლებების საკვამურები ისევ ისე ბოლავენ და მშვიდ ბედნიერებას გპირდებიან.

ფეხებზე მკიდია! გინდა ხუთი, გინდა ექვსი წითელი მზე ბრდღვიალებდეს ცაში, მე რა მენაღვლება, აზრის
მდინარებას არაფერი დამირღვევს.

არ მიყვარს ეს სამყარო; რა დაგიმალოთ და, მეზიზღება. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, გულს მირევს. რეკლამა რწყევის გუნებაზე მაყენებს. მთელი ჩემი საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა ანგარიში, გათვლა, მაგალითების მოხმობა, რაციონალური გადაწყვეტილებების საფუძვლების ძიება. მეტი უაზრობა გაგიგიათ?! სიმართლე თუ გსურთ, გულის გასახარს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი შავ ფერებში მესახება. ნეირონების უთავბოლო ხარჯვაა და მეტი არაფერი. სამყაროს ყველაფერი სჭირდება, კი, ბატონო, გარდა, რა თქმა უნდა, ზედმეტი ინფორმაციისა.

დამამთავრებელ კლასში ჩემთან ერთად სწავლობდა გოგო, გვარად ბარდო, იმიტომ რომ მამამისიც ამ გვარს ატარებდა. ბარდოს ფიზიკის სავარჯიშოს გადაწერასაც კი არ თხოვდნენ, სხვებთან ერჩიათ საქმის დაჭერა. მის ადგილზე, გველი თავს დაიგესლავდა. ადამიანები კი, წყალწაღებულებივით, ხავსს ეკიდებიან.

სიყმაწვილე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი არ არის ცხოვრებისა, არამედ ერთადერთი მონაკვეთია ჩვენი არსებობისა, როდესაც სიტყვა "სიცოცხლე" თავის ღრმა და ჭეშმარიტ მნიშვნელობას შეიძენს.

იდეოლოგიური მტერი გზის ბოლოშია და, უკანასკნელი მოსახვევის გავლისას, სიძულვილის ყიჟინით ესხმის თავს უზრუნველ მოაზროვნეს, რომელსაც ჭეშმარიტების პირველმა სხივებმა თავბრუ დაახვია და სრულიად დაავიწყა ზურგის გამაგრება.

მართა და მარტინი ორმოცდასამი წლის წინ შეიყარნენ. ქორწინებისას ორთავე 20 წლის იყო, ასე რომ, ახლა სამოცდაოთხს უკაკუნებენ. პენსიაზე არიან, ან სადაცაა გავლენ. ასე ითხოვს საზოგადოებრივი წესი და რიგი. როგორც ამბობენ, სიამტკბილობაში დალევენ სულს. სწორედ ასე იქმნება საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობის გარეშე არსებული ერთიანობა, სახელად "წყვილი", რომელიც, ბევრ შემთხვევაში, ინდივიდუალიზმზე მაღლა დგას.

დღესაც იშვიათად ნახავთ ადამაინს, აშკარად რომ ეწინააღმდეგებოდეს სიყვარულის ძალისხმევას.
ვამტკიცებ, რომ ქალის საშო ხორცის მასაში დატანებული უბრალო ნახვრეტი არ გახლავთ (გამიგია, ყასბების შეგირდები ძროხის ამონაჭერში ჩრიან ასოს და ათავებენ კიდეცო... ღმერთმა შეარგოთ! ჩემს მტკიცებას ეს ვერას ავნებს).

გინდ მიწაზე იკოტრიალე, გინდ ვენები გადაიჭერი, გინდ შუა მეტროში დაანძრიე, ყველას ფეხებზე კიდიხარ. თითსაც არავინ გაანძრევს. თითქოს გამჭვირვალე, ერთობ გამძლე, მაგარი აპკი მფარავს და გამმიჯნავს სხვებისგან.

ჩვენს საზოგდაოებაში ადამიანებს ერთმანეთისაგან ჯერ ფული განასხვავებს, მერე სექსი;
ეკონომიკური ლიბერალიზმი ბრძოლის ველის განვრცობაა, რომელიც ყველა ასაკს და ყველა შრეს გადაწვდება. სექსუალური ლიბერალიზმიც ესაა, ისიც ნებისმიერ ასაკს და ნებისმიერ შრეს მოიცავს.
ქორწინება ხშირად იშლება, საწოლი კი არა;

მიყვარდა ისე, როგორც შემეძლო, ეს კი, მერწმუნეთ ბევრს ნიშნავს. ახლა კი ვხედავ, ამაოდ დავშვრი. ჯობდა, ორივე ხელი დამემტვრია მისთვის. როგორც ყველა დეპრესიულს ჩვევია, მუდამ თავისმოყვარე და უგულო იყო.

ათი წელი გავიდა, მაგრამ ცუდი მოგონებანი ეგრე ადვილად არ გვეშვებიან.

სიყვარული იშვიათი, ხშირად ხელოვნური და გვიანი ფენომენია, რომელიც განსაკუთრებულ გონებრივ პირობებში თუ იფურჩქნება. ამ პირობათა სრული თავმოყრა ძნელი საქმეა, ზნეობის თანამედროვე დაცემის პირობებში კი, სრულიად წარმოუდგენელი.

ქალები, რომლებსაც ესოდენ ელტვი, შეგიძლია დაიმორჩილო. უფრო მეტი, რაც ყველაზე ძვირფასია მათში, ისიც შეგიძლია ხელში მოიგდო. რა არის, რაფაელ, ყველაზე ღირებული ქალში?
-სილამაზე?.. - გაუბედავად მკითხა.
- არა, ცდები. არც საშო, არც სიყვარული. სიცოცხლესთან ერთად ესეც ქრება. შენ შეგიძლია, მათ სიცოცხლეს დაეუფლო. ამ საღამოსვე დაიწყე, მკვლელი გახდი.

სისხლი, საბოლოო ჯამში, არაფერს ცვლის.

წყნარი დღე იყო, ცოტაოდენ სევდიანი, პარიზს რომ ჩვევია კვირაობით, მით უფრო, როცა ღმერთი არ გწამს.

მარტოკაცს სიცოცხლე არ უწერია.

მე დეპრესია შემეყარა! კარგი სახელწოდებაა, რა მეთქმის! არა, სულაც არ მგონია, რომ სადღაც, ფსეკრზე დავეშვი. უბრალოდ, ჩემს გარშემო არსებული სამყარო აიზიდა. სულ ეს არის.

ოთახიდან გამოვედი. გაუმარჯოს თავისუფლებას!

საზოგადოებაზე მსჯელობა თქვენთვის კედელია, რომლის უკან საკუთარ თავს მალავთ. მე სწორედ ეს კედელი უნდა დავანგრიო, რათა შევძლოთ, თქვენს პირად პრობლემებზე ვილაპარაკოთ.

"ზოგი ძალზე ადრე განიცდის მტანჯველ შეუძლებლობას, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით. ატანა უჭირს. საკუთარ ყოფიერებას მთლიანობაში ვერ აღიქვამს, რაღაც ჩრდილოვან მხარეებსა და ფარულ აზრს ჭვრეტს მხოლოდ. მისი არსებობა, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ბუნების კანონებს არ ეთანხმება, გამონაკლისია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფუძემდებლური ნაპრალი შეუგუებლობისა გენეტიკური სისტემის მიღმა იჩენს თავს, არამედ იმიტომაც, რომ მას ჩვეულებრივი არსებობისათვის უცნობი სიმჭვირვალე ახლავს თან. საკმარისია, მეორე ადამიანი დაუყენო პირისპირ, მაგრამ მასავით წმინდა და შეურყვნელი, თანაც შუშასავით გამჭვირვალე, რომ ეს აუტანელი ნაპრალი შეუძლებელი აბსოლუტისაკენ მუდმივ სწრაფვად იქცეს. ამრიგად, მაშინ, როცა სარკე ყოველდღიურად უიმედობით გატანჯულ ერთსა და იმავე სახეს აირეკლავს, ორი პარალელური სარკე ერთ რკალს ქმნის, რომელიც ადამიანის თვალს უსასრულობისკენ წარიტაცებს, გეომეტრიულად წმინდა უსაზღვროობისაკენ, ყოველგვარი ტანჯვისა და ამა სამყაროს მიღმა".

გამიგეთ, ჩვენ ძალიან მარტივ სამყაროში გვიხდება არსებობა; არის სისტემა, რომელიც სხვის დამონებას, ფულსა და შიშს ეფუძნება. ეს მამრი სისტემაა, მოდით, მას მარსი ვუწოდოთ. არის მდედრი სისტემაც, რომლის საყრდენი ცდუნება და სექსია. მას ვენერა დავარქვათ. ეს არის და ეს. შესაძლოა კი, ცხოვრობდე და გწამდეს, რომ ამის მეტი არაფერია?

- არა, მოპასანი იმან გააგიჟა, რომ აშკარად შეიცნო მატერია, არყოფნა და სიკვდილი, - ამის მეტს ვერაფერს ხედავდა. თანამედროვე ადამიანის მსგავსად, მან საკუთარი არსებობა დააშორა დანარჩენ სამყაროს. ეს ის ერთადერთი გზაა, რომელიც დღეს სამყაროს გააზრების საშუალებას გვაძლევს.

შეცნობა სიბერისა და სიკვდილისა ნებისმიერი ადამიანისთვის აუტანელია. ჩვენს ავტორიტარულ, უწესო ცივილიზაციებში, ეს ცნობიერება სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს, გონებას ეუფლება და სხვას არაფერს უტოვებს ადგილს. ასე და ამგვარად, ნელ-ნელა სამყაროს შეზღუდულობის რწმენა გაგვიჯდება ძვალსა და რბილში. თვით სურვილიც ქრება. რჩება მხოლოდ ბოღმა, შური და შიში. მთავარი სასოწარკვეთაა, უსაზღვრო, შეუცნობელი. ვერც ერთმა ცივილიზაციამ, ვერც ერთმა ეპოქამ თავის დროზე ვერ დაიტია ამდენი უსასოება. ამ თვალსაზრისით, დღევანდელობა განუმეორებელია. ვინმემ რომ მითხრას, ერთი სიტყვით შეაფასე გონების თანამედროვე მდგომარეობაო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სასოწარკვეთა.

უფსკრულის შუაგულში ვარ. ჩემი კანი საზღვარია, გარე სამყარო კი მოშთენას მიპირებს. დაუძლეველი განხეთქილება... საკუთარი თავის ტყვე ვარ ამიერიდან. უმაღლესი შერწყმა აღაროდეს მოხდება. ცხოვრების მიზანს ვერ მივაღწიე.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram